26 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის უკანონოდ გატანა ემსახურებოდა ოფიციალურად გატანილი მასალის დაზიანებას ან გაყალბებას - თეა წულუკიანი

"ვფიქრობ, არაოფიციალურად, უკანონოდ ამ მასალის გატანა ემსახურებოდა ალბათ ოფიციალურად გატანილი მასალის დაზიანებას ან გაყალბებას, რათა თავიანთი თეორიები განევითარებინათ შემდეგ,"  -ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პოლონელი ექიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, საჭიროა ახსნა-განმარტება, მათ შორის ოფიციალური, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა.

"ჩვენ, მრავალი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი იხდის კანონიერ სასჯელს, მოვისმინეთ ძალიან ბევრი ენაწყლიანი ადამიანი, რომელიც დღე ერთი იყო და რამდენჯერმე ჩვენს მთავრობასა და ხალხს შეახსენებდა, რომ სააკაშვილი თურმე ციხიდან არის გამოსაშვები, რომ ის თურმე არა სიმულანტი, არამედ პატიოსანი ადამიანია, რომ ის არა მავნებელი და კრიმინალი, არამედ ქვეყნის აღმაშენებელი პრეზიდენტია, რომ ის იმსახურებს ციხიდან გამოსვლას და მას სჭირდება კონკრეტულად პოლონელი ექიმების დახმარება.

დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვნახეთ, თურმე ლობისტები ფულს იხდიდნენ ასევე იმაში, რომ მიეღწიათ პოლონელი ექიმების "ვივამედში" თუ ქართულ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლა. ამას მიაღწიეს კიდეც, პოლონელი ექიმების ჯგუფი ბრძანდებოდა მიხეილ სააკაშვილთან და მოხდა ის, რაც მოხდა.

ჩვენ ახლა ზუსტად იმავე ხარისხის ენაწყლიანობით ველოდებით ახსნა-განმარტებას. როდესაც ითხოვდნენ მათ შეშვებას, შევუშვით. ახლა ველოდებით, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, რომ ეს აგვიხსნან და დუმილი არ მოქმედებს მათ სასარგებლოდ. ამიტომ ყველა იმ პირის მხრიდან, განსაკუთრებით სხვადასხვა ჩვენი უცხოელი მეგობრისგან, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდა, ველოდებით ახსნას, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მე, რა თქმა უნდა, ჩემი ვარაუდი მაქვს. ვფიქრობ, რომ არაოფიციალურად, უკანონოდ ამ მასალის გატანა ემსახურებოდა ალბათ ოფიციალურად გატანილი მასალის დაზიანებას ან გაყალბებას, რათა თავიანთი თეორიები განევითარებინათ შემდეგ. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ჩვენ გვჭირდება ახსნა-განმარტება, მათ შორის ოფიციალური, რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. ვიდრე ეს ახსნა-განმარტება არ არის, მანამდე ჩვენ ვრჩებით იმავე ვარაუდებში, რაც, მათ შორის, მე მაქვს," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი: ანა ბუავა

ამავე თემაზე
დღის ამბები