26 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, მისი ოჯახი, მილიონებს ხარჯავს მთელს მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირების ინტერესებია, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, არ იყოს სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. 

ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე საუბრისას გააკეთა. 

"ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს. არა მარტო სააკაშვილს ოჯახი და პირადად სიმულანტი სააკაშვილი, ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები.

როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, არ იყოს სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. მათი ინტერესი არის რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება, ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში. ეს არის რეალური მიზეზი, ამის თავი და თავი არის სიმულანტი სააკაშვილის ოჯახი.

მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ სამწუხაროდ, მათ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსი და მათ შორის სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპელიც. სიმართლე არის ერთი, ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ეს არის მთავარი. ამიტომ, რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი რომ მართავდა ქვეყანას, მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს ხარჯავს მთელს მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს, ჩვენი რეპუტაცია შეილახოს, სახელმწიფოსი და არა მმართველი პარტიის. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს.

ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად  ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, ეს არის შემადგენელი ნაწილი, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, ისინი ჩართული არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია. ამას სახელი უნდა დავარქვათ, მაგრამ მინდა ვთქვა, ამ სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის, ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, ვერც ერთი ათეულობით მილიონი დოლარი, რაც არ უნდა ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. სხვათა შორის, კითხვები უნდა დაუსვათ, საიდან აქვს 10 მილიონზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას, მაგალითად, საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია? საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს. ეს არის უბედურება," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები