"რუსული ნავთობის ექსპორტი უკრაინაში შეჭრის შემდგომ მაღალ დონეზეა. მაგრამ რომელი ქვეყნები ყიდულობენ?" - ამ კითხვით სტატიას Euronews აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს რუსეთმა ბოლო დროს იმაზე მეტი ნავთობი გაიტანა ექსპორტზე, ვიდრე სხვა ნებისმიერ დროს.
როგორც Euronews წერს, აპრილში რუსული ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 80 პროცენტი მიდიოდა ინდოეთსა და ჩინეთში.
"ინდოეთის ნავთობის იმპორტი ათჯერ გაიზარდა. ევროკავშირის ნავთობის იმპორტი კი შემცირდა. რუსული ექსპორტის ზრდამ კრიტიკა გამოიწვია - ინდოეთს ადანაშაულებენ, რომ ეხმარებოდა მოსკოვს ევროპული სანქციებისგან თავის არიდებაში. ჟოზეფ ბორელის თქმით, ინდური კომპანიები ყიდულობენ რუსულ ნავთობს და ყიდიან რაფინირებულ პროდუქტს. მისივე თქმით, ინდოეთი ყიდის, "რადგან ვიღაც ყიდულობს" და ევროკავშირმა უნდა აკონტროლოს მყიდველები. ინდოეთის ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით ქვეყნის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის ნიდერლანდებს, გერმანიას, იტალიას და საფრანგეთს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი ევროკავშირის საბჭოს რეგულაციების მიხედვით რუსული ნედლეული არსებითად ტრანსფორმირებულია მესამე ქვეყანაში და აღარ განიხილება როგორც რუსული - წერია Euronews-ის სტატიაში.