26 ნოემბერი 2024,   09:52
ვრცლად
"მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ" - ხაბეიშვილი "გამარჯვების პლატფორმაზე"

"გამარჯვების პლატფორმა" - "ნაციონალური მოძრაობის" და გიორგი ვაშაძის ერთობა, კვირის ბოლომდე, ოფიციალურად ჩამოყალიბდება. ორივე პოლიტიკური მოძრაობის წევრები განმარტავენ, რომ ერთიანობის მთავარი მიზანი 2024 წლის არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიესალმება, თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ -შეუერთდნენ ენმ-სა და ვაშაძის პარტიის "გამარჯვების პლატფორმას", ან ცალკე ენმ-ს გარეშე შექმნან ოპოზიციური ერთობა და საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი აჩვენონ.

"ცხადია, ვესაუბრები "სტრატეგია აღმაშენებელს", და გულისხმობს იმას, რომ შექმნას სხვადასხვა პროდასავლურ პარტიებთან და ლიდერებთან ერთად "გამარჯვების პლატფორმა". მივესალმებოდი და გამიხარდებოდა, რომ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გააკეთონ "გამარჯვების პლატფორმა" და ჩვენ ღია ვართ. თუ ამას არ აკეთებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, გააკეთონ თავად, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ "გამარჯვების პლატფორმაზე" მეტ ინფორმაციას, არჩევნებამდე 2 დღით ადრე გაასაჯაროებენ.

"ვმუშაობთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის პარტია, შევქმნათ გამარჯვების პლატფორმა. ეს აშინებს ხელისუფლებას და პროცენტებზე აკეთებენ აქცენტს. ადრე ყველა ვიკეტებოდით ჩვენი პარტიის ნაჭუჭში და ამით სარგებლობდა "ქართული ოცნება", ახლა ასე არ იქნება, დაიწყება დიდი განმათავისუფლებელი მოძრაობა. რა ნომრით გამოვდივართ, რა ბრენდის ქვეშ - ამას ყველაფერს არჩევნებამდე 2 თვით ადრე გეტყვით," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას და გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავენ "ლელო", "გირჩი" და გიორგი გახარიას გუნდი.

""ლელოს" აქვს მიღებული გაცხადებული პოზიცია, რომელიც არ შეიცვლება, ეს არის მიზანი, რომ შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. "ლელო" "ნაციონალურ მოძრაობასთან" წინასაარჩევნო კოალიციას ან თანამშრომლობას გამორიცხავს და "ქართულ ოცნებასთან". "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" ვერ იქნება ვერანაირი ალტერნატივა იმიტომ, რომ ის ორი დიდი მონსტრი პარტია არის პოლარიზაციის ორი პოლუსი," - აცხადებს "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.

დღის ამბები