"კრედიტ სუისის" ბიძინა ივანიშვილს კუთვნილ ორ მილიარდამდე აქტივზე წვდომას კვლავ უზღუდავს. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატებმა დღეს მორიგი მიმართვა გაავრცელეს. ივანიშვილის ინტერესების დამცველების თქმით, მიუხედავად ბერმუდასა და სინგაპურში მოგებული სასამართლო დავებისა, შვეიცარიული ბანკი ტრასტის აქტივების გადაცემას გაურკვეველი მიზეზით აჭიანურებს. საუბარია ორ მილიარდ დოლარამდე ღირებულების ქონებაზე, რომელიც იურისტების თქმით, ძირითადად ამერიკისა და ევროპის ფონდებშია გადანაწილებული. ადვოკატები პროცესის გაჭიანურების მიღმა პოლიტიკურ ინტერესს არ გამორიცხავენ.
„გადასაცემი აქტივების 95% განთავსებული არის ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში. Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხის დარეგულირება შესაძლებელი თითქმის ერთი თვე არის, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას; იმ აქტივების გადაცემას, რომელზეც ფაქტობრივად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ 2022 წლის მარტიდან ანუ, როგორც Credit Suisse-ის ტრასტი აღნიშნავდა, „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან“ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახის წევრებს ფაქტობრივად შეზღუდული აქვთ თავიანთი აქტივების გარკვეულ ნაწილზე წვდომა. და ბოლოს გამოვთქვამთ იმედს, რომ სამართლებრივი ბრძოლა გამოიღებს შედეგს და აღსდგება სრულ აქტივებზე წვდომა“, - წერს უფლებადამცველი.
"ქართული ოცნების" დამფუძნებლისთვის ფინანსურ აქტივებზე წვდომის შეზღუდვა სადამსჯელო ოპერაციის შემადგენელი ნაწილია საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. მოძრაობა "ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ ამ ფორმით დასავლეთში გარკვეული ძალები ქართველი ბიზნესმენის დაშანტაჟებას უკვე მეორე წელია ცდილობენ. მათი თქმით, მიზანი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაა.
"კრედიტ სუისის" მხრიდან ფინანსური შანტაჟის მიღმა ამერიკულ ინტერესებს ხედავს, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ფილოსოფოსი. ზაზა შათირიშვილის აზრით, ივანიშვილზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, გარკვეული ძალები შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციის შელახვასაც არ ერიდებიან.
მმართველი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისგან განსხვავებით, "კრედიტ სუისის" საქმეში პოლიტიკურ მდგენელს ვერ ხედავს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ბიზნეს დავაზე საუბრობენ და არც იმას გამორიცხავენ, რომ შვეიცარიული ბანკი აქტივების შენარჩუნებას კანონდარღვევით ცდილობს.
"კრედიტ სუისისა" და ბიძინა ივანიშვილს შორის არსებული დავა კვლავ კითხვის ნიშნებს აჩენს საპარლამენტო უმრავლესობისთვის. კანონმდებლების აზრით, აღმოსავლეთში არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების მიზეზით დაწყებული არალეგალური პროცესი, ბიზნესმენის უფლებებს მიზანმიმართულ დარღვევას უწოდებენ. ამბობენ იმასაც, რომ ამ მიდგომამ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე გავლენა ვერ მოახდინა.
ბიძინა ივანიშვილსა და "კრედიტ სუისს" შორის დავა თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენმა ბანკს ყველა ინსტანციის არბიტრაჟში მოუგო, 2 მილიარდამდე აქტივის განკარგვის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევა.