ოდესის პორტი მარცვლეულით დატვირთულმა ბოლო გემმა უკვე დატოვა, არავინ იცის, როდის გავა შემდეგი და გავა თუ არა ის საერთოდ, ომის დასრულებამდე. ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება დატოვა და ამით, პრაქტიკულად, გააუქმა ის დერეფანი, რომლითაც უკრაინული მარცვლეული, თურქეთის გავლით, მსოფლიოში უსაფრთხოდ ხვდებოდა.
ყველაზე დიდი დარტყმა მოსკოვმა აფრიკას მიაყენა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამიზნე უკრაინაა. სუდანი, სომალი, ეთიოპია თუ იემენი ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე ისევ დადგნენ, რადგან ეს ღარიბი ქვეყნები უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული. გასული წელს მიღწეული შეთანხმება უკვე წელს მოსკოვისთვის ცალ კარში თამაშია, რადგან უკმაყოფილოა შეთანხმების იმ ნაწილით, რომლითაც თავად რუსული მარცვლეულის ექსპორტი უნდა გაუმჯობესებულიყო. კრემლი აზუსტებს, რომ თუ იმას მიიღებს რაც სურს, გადაწყვეტილებას გადახედავს.
მოსკოვის ნაბიჯი ნატოში დამაზიანებლად შეფასდა, ევროკავშირში ცინიკურად, ვაშინგტონში კი - არაკეთილსინდისიერად. თუმცა, მოულოდნელად ეს ნაბიჯი არავის დაუსათაურებია. ის ფაქტი, რომ მარცვლეულის შეთანხმება გარკვეული ვადით დაიდო, ვადის გასვლასთან ერთად, კრემლის შანტაჟს მოსალოდნელს ხდიდა. ახლა პუტინს ძველი მეგობარი ერდოღანი უნდა დაელაპარაკოს, რომელიც მოსკოვის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე იმედოვნებდა, რომ თანამოსაუბრესთან საერთო ენის გამონახვას შეძლებდა, მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ მოსკოვს, ბოლო პერიოდში, ნდობასთან დაკავშირებული კითხვები გაუჩინა.
მას შემდეგ, რაც შარშან ივლისში თურქეთისა და გაეროს შუამავლობით მარცვლეულის შეთანხმება გაფორმდა, ომის მიუხედავად, უკრაინამ ექსპორტზე თითქმის 33 მილიონი ტონა სიმინდის, ხორბლისა და სხვა მარცვლეულის გაიტანა შეძლო. თუ შეთანხმება, ან მისი ალტერნატივა ვეღარ მიიღწევა, კიევს საქონლის მსოფლიოსთვის მისაწოდებლად სხვა, უსაფრთხო გზების ძიება მოუწევს. უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოები უკვე სთხოვენ ევროკავშირს მარცვლეულის ლოჯისტიკის გაუმჯობესებაში დახმარებას, რადგან უკრაინა მოსავალს მალე აიღებს.