26 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ვიზიტის მეორე დღეს პრემიერმა უზბეკ კოლეგას აჭარაში უმასპინძლა. მთავრობის წევრებმა აბდულა არიპოვს და უზბეკეთის დელეგაციას საზღვაო ინფრასტრუქტურა და სექტორში მიმდინარე პროექტები გააცნეს. ლევან დავითაშვილმა მთავრობის წევრებთან ერთად უზბეკეთის პრემიერს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით დაათვალიერებინა. გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ფოთში ვიზიტისას მოინახულეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა და ტექსტილის საწარმოც.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა სამუშაო და ოფიციალური სადილი, სადაც პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ისტორიული და კულტურული კავშირები არაფორმალურ გარემოში განიხილეს. ითქვა, რომ საქართველო უზბეკეთს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს და დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით. თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფნას გამოთქვამს უზბეკეთიც.

აბდულა არიპოვი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ, დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის პრემიერს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური ურთიერთობები იყო. მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მზადყოფნა. საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე. ხელი მოაწერეს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ასევე ხელშეკრულებას - საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულა არიპოვს თბილისის ხედები დაათვალიერებინა და ადმინისტრაციის შენობიდან გააცილა.

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს 17 ივლისს ეწვია. მისი ორდღიანი ვიზიტი უკვე დასრულებულია. აბდულა არიპოვი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

დღის ამბები