26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ოპოზიციასთან გაერთიანება, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მისი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა - ენმ-ში პოლიტსაბჭოს ხდომა გაიმართა

"ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში შეკრება, პოლიტიკური საბჭოს წევრებმა, სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე დაიწყეს. თითქმის საათნახევრიან შეხვედრაზე კი, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ოპოზიციასთან გაერთიანებაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზეც იმსჯელეს. პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ პარტია 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო სტრატეგიაზე მუშაობს. გამარჯვების პლატფორმა - სწორედ ასე ერქმევა გაერთიანებას, სადაც თავს ოპოზიციასთან ერთად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მოიყრიან. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ კონსულტაციები ნაწილთან უკვე დაწყებულია, მათ შორის, გიორგი ვაშაძესთან.

ოპოზიციის ერთობის იდეას თავად ოპოზიციაში მხოლოდ რამდენიმე მომხრე ჰყავს, ერთ-ერთი ასეთი "სტრატეგია აღმაშენებელია", სადაც ფიქრობენ, რომ არჩევნებში გამარჯვება სწორედ საერთო გეგმის შემუშავებაზე გადის. "გირჩი" და გიორგი გახარიას გუნდი კი, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გამორიცხავს.

მმართველ პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიციის ერთიანობის სტრატეგია არჩევნებში გამარჯვებას მათ ოპონენტებს ვერ მოუტანს. სახელისუფლებო გუნდი, ნაციონალური მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის თანამშრომლობას საკუთარი ვერსიით იხსნის - ”ქართულ ოცნებაში” ფიქრობენ, რომ გიორგი ვაშაძე ამ ფორმით, არჩევნებში ბარიერის გადალახვას შეეცდება.

”ნაციონალური მოძრაობის” მიმართ დღეს პრეტენზიები დღეს ნიკა მელიას თანამოაზრეების მხრიდან კიდევ ერთხელ გაისმა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პოლიტიკური საბჭოს წევრები არ არიან, მათთვის მაინც გაუგებარია რატომ შეიტყვეს მედიიდან რომ სხდომა ტარდებოდა. ადრესატები ყოფილი თავმჯდომარის გუნდს კრიტიკის ნაცვლად პარტიაში რეინტეგრაციისკენ მოუწოდებენ. ირკვევა, რომ კომუნიკაცია დაპირისპირებულ მხარეებს უკვე აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭომ დღეს საკადრო ცვლილებებიც დაამტკიცა. ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, პარტიის ახალგაზრდული ფრთა პარტიულ საქმიანობებში აქტიურად ჩაერთვება, თანამდებობები დღეს სწორედ ახალგაზრდებზე გადანაწილდა.

დღის ამბები