26 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
2 დაღუპული და 1 დაშავებული - ყირიმის ხიდის აფეთქებაზე ოფიციალური კიევი პასუხისმგებლობას არ იღებს

2 დაღუპული და 1 დაშავებული - რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აფეთქება ყირიმის ხიდზე დილის საათებში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კონსტრუქცია 145-ე საყრდენთან დაზიანდა. ოკუპირებული ყირიმის დე-ფაქტო მმართველების განცხადებით, ხიდის შეკეთებას რამდენიმე საათი დასჭირდება. მაგრამ, განადგურებული ფრაგმენტის ამსახველი კადრები ამ გეგმას ნაკლებად რეალისტურს ხდის. ამაში ეჭვი ადგილობრივებსაც ეპარებათ, რომლებიც თითქმის 18 საათის განმავლობაში, რამდენიმეკილომეტრიან საცობში დგანან.

უკრაინული მხარისთვის ამბავი სასიხარულოა, მაგრამ პასუხისმგებლობას ხიდის აფეთქებაზე კიევი არ იღებს. ეს იმის მიუხედავად, რომ სტრატეგიულ ობიექტს, რუსეთ-უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის იყენებს. მოსკოვის არაერთი ბრალდების მიუხედავად, უკრაინაში ამტკიცებენ, რომ ხიდის დაზიანება რუსეთის ინტერესებში შედიოდა.

ხიდზე იერიში საზღვაო დრონით მიიტანეს. ამის შესახებ უკრაინული მედია, უშიშროების სამსახურში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. საკითხზე მსჯელობას პუტინი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან გეგმავს. მანამდე კი დიმიტრი მედვედევი საპასუხო ზომებით იმუქრება.

მანამდე, აგრესიის 509-ე დღესაც ტერორის მსხვერპლია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა. საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში იყო გამოცხადებული. ოკუპანტმა ხარკოვი "S-300" ტიპის რაკეტებით სამჯერ დაბომბა - დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. 18-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება.

საპასუხოდ, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის კონცენტრაციის უბნებზე 18 წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს. განადგურებულია 9 საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის 2 სისტემა. ლიკვიდირებულია 620 რუსი ჯარისკაცი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იერიში გაგრძელდება და ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან სრულად გათავისუფლდება.

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა, დამატებით 18 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს. როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, შეტაკებები გრძელდება ბახმუტის, ავდიივკასა და მარიინკას მიმართულებით.

დღის ამბები