26 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
შეკრება წინანდალში - "ქართული ოცნებისთვის" ეს გასვლითი ტრენინგი მხოლოდ შირმაა, მცირე ოპოზიციური ჯგუფები კი ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან საიდუმლოდ თანამშრომლობენ

შეკრება წინანდალში - ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი დ მედია ჭავჭავაძეების მამულში რუსულ ოკუპაციასა და დევნილების საკითხზე ორი დღის განმავლობაში მსჯელობდა. "ქართული ოცნებისთვის" ეს გასვლითი ტრენინგი მხოლოდ შირმაა, მმართველი ძალის მტკიცებით, რეალურად ოპოზიცია საერთო საარჩევნო სტრატეგიას ამუშავებდა.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ მცირე ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირს ღიად უარყოფენ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან საიდუმლოდ თანამშრომლობენ.

"ოცნება" თვლის რომ ამ პარტიებს ერთი მიზანი აქვთ: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერის გადალახვა და ოპოზიციური მთავრობის ჩამოყალიბება.

წინანდალის შეკრების მონაწილეები, ოპოზიციურ ერთობაზე საუბარს, რომლის სათავში "ნაციონალური მოძრაობა" უნდა იყოს, სპეკულაციურს უწოდებენ. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ კოორდინაციაში არიან, მაგრამ ეს რომელიმე პარტიის ფრთის ქვეშ ყოფნას არ ნიშნავს.

წინანდალში შეკრებილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების გამაერთიანებლად, საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს. საუბარია ჭავჭავაძეების მამულში გამართულ ორდღიან სემინარზე, რომელიც იემსის ორგანიზებით ჩატარდა. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ შეკრებამ გახარიას პარტიას, "ლელოსა" და სხვა ოპოზიციურ ძალებს შორის, "ნაცმოძრაობასთან" არსებული ზღვარი წაშალა.

მმართველი ძალის მოსაზრებებზე პასუხების გაცემა, დღეს, სემინარის მონაწილეების ნაცვლად, მათ თანაგუნდელებს მოუხდათ. გახარიას გუნდში "ნაციონალურ მოძრაობასთან" რაიმე ფორმით გაერთიანებაზე საუბარს სპეკულაციურს უწოდებენ. თუმცა, სხვადასხვა ფორმატში ყოფილ სახელისუფლებო გუნდთან თანამშრომლობა ბუნებრივ მოვლენად მიაჩნიათ. მომავალში ერთობაზე საუბარი უჭირთ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებსაც, თუმცა განმარტავენ, რომ ხელისუფლების შესაცვლელად გამორიცხული არაფერია.

კოლეგებისგან განსხვავებულია "გირჩის" პოზიცია. ახალ პოლიტიკურ ცენტრში არ სჯერათ, რომ სემინარის თემატიკა ოკუპაცია და უმცირესობების უფლებები იყო. ამბობენ, რომ წინანდალში კონკრეტული ბიზნესმენის გამოჩენამ ყველაფერი გამოააშკარავა.

წინანდალმა დღეს ბაკურიანი და პიტერ აკერმანი გაახსენა სახელისუფლებო გუნდის ერთ ნაწილს. კანონმდებლებისთვის გაუგებარია, რა სტატუსით ესწრებოდა პოლიტიკოსებისთვის განკუთვნილ შეხვედრას, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მმართველი გუნდის კითხვას მალევე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრიდან უპასუხეს. "იემსიში" განმარტეს, რომ სემინარზე მიშა მშვილდაძე, უმცირესობებისა და ოკუპაციის თემატიკის აქტიური გამშუქებლის სტატუსით იმყოფებოდა.

წინანდლის მამულში შეკრებილებს, "ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფებს უწოდებს დედაქალაქის მერი. მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ოპოზიცია საერთო სტრატეგიას "ნაცმოძრაობის" საფარქვეშ ამუშავებს, რაც წარუმატებლობისთვისაა განწირული.

ორდღიანი სემინარი წინანდალში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამართა. კახეთში შეკრებას, ოპოზიციურ ძალებთან ერთად, მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღის ამბები