26 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ვაჭრობა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება - ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა

ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. გაიმართა სტუმრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია და ტრადიციულად შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნები.

პროტოკოლური ნაწილის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერებმა პირისპირ შეხვედრაზე გადაინაცვლეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უზბეკ კოლეგასთან დღევანდელი შეხვედრა, ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ, უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას დაიწყო.

ვაჭრობისა და ეკონომიკურ სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, პირისპირ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ითქვა, რომ საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით. მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მზადყოფნა. საქართველო-უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და "შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრემიერებმა მოლაპარაკება დელეგაციის წევრებთან ერთად გამართეს. ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის წამყვანი თემა იყო. აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. გაფართოებული შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას. ხელი მოეწერა, ასევე ხელშეკრულებას, საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს საბჭოს დაარსებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულა არიპოვს თბილისის ხედები დაათვალიერებინა და ადმინისტრაციის შენობიდან გამოაცილა.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან და "112"-ის ხელმძღვანელ პირებთან ერთად უმასპინძლა.

დელეგაციის წევრებს ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათ შორის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ.

აბდულა არიპოვი იუსტიციის სახლშიც იმყოფებოდა. უზბეკეთის პრემიერს, სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილება და იუსტიციის სახლის კონცეფცია მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააცნო. უზბეკეთის დელეგაცია, გაეცნო იუსტიციის სამინისტროს ქართულ ინოვაციას – იუსტიციის სახლებს პენიტენციურ დაწესებულებებში. უწყების ხელმძღვანელმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში აპრობირებული კიდევ ერთი პროექტის, მობილური იუსტიციის სახლების შესახებაც.

დღის ამბები