26 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
ყვარლის ციხე და ციხის გალავანში მოთავსებული საფეხბურთო სტადიონი - მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი

კულტურული ძეგლების სიმრავლით საქართველო ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა და ამ მხრივ, ალბათ ყველაზე გამორჩეული კუთხე კახეთია. სწორედ აქ, ყვარელში უკვე მეხუთე საუკუნეს ითვლის ციხე-გალავანი, რომელიც ბევრი ომისა და ბრძოლის მიუხედავად, არასდროს დაცემულა.

შუა საუკუნეებში ციხე-სიმაგრეების აგების და განლაგების მსგავსი სტილი, უფრო ევროპაში გამოიყენებოდა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კი კოშკებსა და თავდაცვით ნაგებობებს, ძირითადად მიუვალ და რთულად მისადგომ ადგილებში აშენებდნენ.

ოთარ დავითაშვილი ისტორიკოსია და ქართველი მეფეების ბრძოლის სტრატეგიებიც კარგად აქვს შესწავლილი. მისი თქმით, ერეკლე მეფე იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სტრატეგი იყო. მისი ტაქტიკით, საჭიროების შემთხვევაში, ციხის დაცვა თავად მოსახლეობასაც შეეძლო.

დღეს, აქ სამოყვარულო ლიგაში მოასპარეზე ყვარლის გუნდი ვარჯიშობს ბავშვებთან ერთად. ზუკა ზათიაშვილი 19 წლისაა. ასაკის მიუხედავად ბავშვების გუნდის წვრთნასაც კარგად ახერხებს. მიზანი რა თქმა უნდა პროფესიულ ლიგაში მოხვედრაა.

ერთ დროს, ეს სტადიონი ათასზე მეტ მაყურებელს იტევდა. ყვარლის დურუჯიც მაღალ ლიგაში წარმატებით ასპარეზობდა.

ორ წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ყვარლის სტადიონზე ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა და აქაურობაც მსოფლიოში ბევრმა ადამიანმა გაიცნო.

ერთად-ერთი რაც ახლა ამ უნიკალურ სტადიონს სჭირდება, მოვლა-პატრონობაა. სარეველა ხვიარა მცენარეები გალავანს ჩამოშლის საფრთხეს უქმნის. მოსახლეობას კი ამ კედლების გაწმენდის უფლება არ აქვს, რადგან ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

ასეთია ყვარლის ციხე-გალავანი თავისი ისტორიით, არქიტექტურითა და ცენტრში განთავსებული სტადიონით. ახლა მთავარი პრიორიტეტი უკვე მისი შენარჩუნება უნდა გახდეს.

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები