26 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
უკრაინა კონტრშეტევას აგრძელებს - რა ხდება ფრონტის ხაზზე, ომის დაწყებიდან თითქმის 17 თვის შემდეგ

უკრაინა კონტრშეტევას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში მათ წინსვლა აქვთ. უკრაინელი სამხედროები ბერდიანსკის მიმართულებით წინ მიიწევენ, მელიტოპოლის მიმართულებით კი უკრაინელები 1700 მეტრით დაწინაურდნენ. ოკუპანტები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით, თუმცა ვითარება ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად არ იცვლება.

უკრაინის კონტრშეტევაზე დღეს ვლადიმერ პუტინმა რუსული პროპაგანდისტული არხის ეთერში ისაუბრა. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მცდელობა, გაარღვიოს რუსეთის თავდაცვა წარუმატებელია. რუსეთის პირველი პირი აცხადებს, რომ უკრაინა კონტრშეტევისთვის რეზერვებსაც იყენებს, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსული თავდაცვის გარღვევას ვერ ახერხებს.

რამდენიმე საათის წინ,რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ცეცხლის ქვეშ მოექცა 6 დასახლება, მათ შორის ავდიივკა, კონსტანტინოვკა და რამდენიმე სოფელი. დაბომბვის შედეგად განადგურდა 30-მდე სამოქალაქო ობიექტი. მათ შორის დაახლოებით 20 საცხოვრებელი კორპუსია. განადგურებულია გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭურვი ჩამოვარდა ერთ-ერთ სკოლაშიც, რომლის შენობაც განადგურდა.

რაც შეეხება დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტს-უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს ამ ქალაქიდან უკან დახევას აიძულებენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქალაქის ირგვლივ, სამხრეთ ფლანგზე ყოველდღიური წინსვლა აქვთ. პოზიციების შენარჩუნებას ცდილობენ ჩრდილოეთ ფლანგზე, საიდანაც მტერი ცდილობს შეტევას.

აღმოსავლეთ უკრაინის გარდა, რუსული ძალები პერიოდულად ბომბავენ სხვა ტერიტორიებსაც. გვიან ღამით, ოკუპანტებმა S-300-ი ტიპის რაკეტებით დაბომბეს ხარკოვი. აფეთქების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ჩამსხვრეულია მინები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

130-ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა სუმის ოლქშიც. იერიშები მიიტანეს ზაპოროჟიეზე. დაჭრილია ერთი ადგილობრივი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურული ობიექტი. ქალაქის ერთ უბანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. უკრაინა რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად და კონტრშეტევების გასაძლიერებლად, დასავლეთისგან დამატებით შეიარაღებას ისევ ითხოვს.

დღის ამბები