26 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
პოლონელი ექიმების მხრიდან მოხდა სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტი, მათ თავადვე მოახდინეს პროცესის დისკრედიტაცია, როცა ოფიციალურად აღებული ნიმუშები დამალეს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელი ექიმის ქმედება შეაფასა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველა მიმართულებით აბსოლუტურად გამჭვირვალედ მუშაობს და, უბრალოდ, სამარცხვინოა, რაც მოხდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ თვეების განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ცრუ ინფორმაცია გავრცელდა პროვოკაციის მოსაწყობად და ექიმის ქმედებაც მსავსი ტიპის პროვოკაციას ემსახურება.

"ჩვენ ყველამ ვიხილეთ მრავალთვიანი დეზინფორმაციის კამპანია,რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციები ჩვენ გვაქვს, საზოგადოებამ ამის შესახებ გაიგო და გავრცელდა ცნობები, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი, აქტიურად ეწევიან ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის კამპანიას. გამჟღავნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკაში მრავალ მილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა სააკაშვილის ოჯახის მიერ, ერთადერთი მიზნის მისაღწევად, რომ რამენაირად ეს სამარცხვინო,ა მორალური და ცრუ ბრალდებები გაევრცელებინათ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. როდესაც ადამიანს აბრალებენ და ქვეყანას აბრალებენ ისეთ რამის ჩადენას, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა, რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი, საკუთარი ქვეყნის მტრობა.

მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა რამდენიმე კვირის წინ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა, პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა საუკეთესო ევროპული სტანდარტების მიხედვით. ყოველგვარი ბრალდება ამის თაობაზე, რომ სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა, კლავდა, აწამებდნენ და ა.შ. არის სრული სიცრუე.

არაერთი საუბარი გვქონია ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, მათ კარგად იციან რა ხდება, რეალობა სად არის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ის მთავარი დამამტკიცებელი ჩვენი სიმართლის. ვინაიდან საკითხი არის ძალიან პოლიტიზებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მიმდინარეობს, არა მხოლოდ შიგნით ქვეყნის, არამედ გარეთ უფრო, მე მაინც კომენტარს გავაკეთებდი ამ საკითხზეც. ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში ჩვენ მსჯელობა გვქონდა ამის თაობაზე და იუსტიციის მინისტრმა გააკეთა შეთავაზება, საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახს შეუძლია, ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან.

ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნიდით მათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ველოდით ქმედით ნაბიჯებს, რომ, სურვილისამებრ, რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ, ჩამოეყვანათ ექიმები. ძალიან ბევრი სპეკულაცია გაიმართა ამ საკითხზე და როგორც იქნა, ბოლოს პოლონეთის საელჩო ჩაერთო ამ პროცესში და მათ ჩამოიყვანეს, სააკაშვილის ოჯახთან ერთად, ექიმები. მას შემდეგ, რაც მათ გაიარეს კონკრეტული პროცედურები, ჩვენგან ერთგვარი კეთილი ნება დადასტურდა. ჩვენ ვიყავით ერთგულნი ამ ჩვენი შეთავაზების და დაპირების. ეს ერთგვარი ჟესტი გავუკეთეთ, მათ შორის, ჩვენს პოლონელ მეგობრებს, კოლეგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

"ამ საარჩევნო კამპანიაში, როგორც ჩანს, აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და ამიტომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია მათთვის, შიდა პოლიტიკური საკითხია. როგორც ჩანს, ამას ემსახურება მათი ზედმეტი აქტიურობა. მე ეს ვიცი პირადად ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან. მე აღარ მინდა, დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, რომ, მით უმეტეს, ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს არავისთვის.

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და, უბრალოდ, სამარცხვინოა რაც მოხდა, ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტია, თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია. როცა თქვენ იხილეთ კადრები გუშინ, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გაგვევრცელებინა კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ. ეს მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, ეს საკითხი არის პოლიტიზებული. ალბათ აქ რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები, შესაძლოა, მათ ჰქონოდათ. ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა თუნდაც ნიმუშების დამალვის იდეის უკან.

ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადობა და მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ამიტომ ეს ერთგვარი ჟესტი იყო ჩვენგან, ამის შემდეგ, ვფიქრობ, ცოტა ზედმეტი არის ასეთი აქტიურობა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. მანამდეც, მოგეხსენებათ, რომ ექსპერტებმაც შეამოწმეს და ანალიზებიც ჩატარდა. ჩვენ ასევე გერმანიაში ჩავატარეთ დამატებით კვლევები. დადასტურდა, რომ არავითარი მოწამვლის ფაქტი არ მომხდარა. ეს ყველაფერი არის სიცრუე და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს. მე ვფიქრობ, ეს არის ახალი სპექტაკლის დადგმის მორიგი მცდელობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები