26 ნოემბერი 2024,   08:36
ვრცლად
უკრაინის რადა სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს - რას პასუხობენ მათ მმართველი გუნდის წევრები და იზიარებს თუ არა ოპოზიცია უკრაინულ რიტორიკას

ირაკლი ღარიბაშვილი ყველა იმ საერთაშორისო აქტორს მიმართავს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. პრემიერი-მინისტრი ევროპარლამენტარების პარალელურად, გააქტიურებული რადას წევრების მოტივაციას ექსპრეზიდენტის მიმართ, მათი პერსონალური ინტერესით ხსნის. მისი განმარტებით, ეს ჩანს სააკაშვილის მხრიდან უკრაინის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეშიც, რომელსაც უკრაინაში სამართლებრივი შეფასება დღემდე არ მოჰყოლია და ქვეყანას კანონდამრღვევი საკუთარი მოქალაქე პასუხისგებაში არ მიუცია. მეტიც, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გია ლორთქიფანიძე, უკრაინელებმა მაღალ თანამდებობაზეც დააწინაურეს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც პრემიერს კითხვები უჩნდება, ზელენსკის მიერ საქართველოს ელჩის ქვეყნიდან გამოშვებაა.

რატომ უთმობს დროს სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ომში მყოფი ქვეყანა - ეს კითხვა აქვს "ქართული ოცნების" თავმჯდომარესაც. ირაკლი კობახიძემ დღეს ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქართული მხარე უკრაინასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმშია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც სააკაშვილი კონკრეტული უკრაინელი მაღალჩინოსნების დახმარებით, ქვეყანაში უკანონოდ შემოვიდა.

სალომე ზურაბიშვილს და ქართველ ხალხს, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, უკრაინელმა დეპუტატებმა ქართულ ენაზეც კი მიმართეს. უკრაინას საკუთარი მოქალაქე რომ სჭირდება, ამას სააკაშვილის პარტია ღიად ამბობს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს სააკაშვილის მიერ საზღვრის გადმოკვეთაზე უკრაინის დამოკიდებულება ადეკვატურად მიაჩნია. გია ბარამიძეს ფიქრობს, რომ სააკაშვილს კანონი არ დაურღვევია.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მშვიდობიანი მიზნებით არ ჩამოსულა - ეს მმართველი პარტიის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს. უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ფაქტის გამოუძიებლობა "ქართულ ოცნებაში" აჩენს კითხვას, ლორთქიფანიძის გარდა, იყვნენ თუ არა ჩართული ამ საქმეში უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე უკანონოდ შემოვიდა - ოფიციალური ცნობით, ასეთივე გზით გადმოკვეთა უკრაინის საზღვარიც, თუმცა ფაქტზე ბრალი სააკაშვილს მხოლოდ ქართულმა პროკურატურამ წარუდგინა.

დღის ამბები