26 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო მთავარი დამამტკიცებელი ჩვენი სიმართლის - პრემიერი სააკაშვილის შესახებ

როცა ადამიანს აბრალებენ და ქვეყანას აბრალებენ ისეთი რამის ჩადენას, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა, ეს არის პირდაპირ მტრობა ჩვენი ქვეყნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ პატიმარ სააკაშვილთან მოპყრობა ევროპული სტანდარტით ხდება.

"პირველ რიგში მე მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად არ მაქვს სურვილი ვისაუბრო პატიმარ სააკაშვილზე. ჩვენ ყველამ ვიხილეთ მრავალთვიანი კამპანია, დეზინფორმაციული, სიცრუის კამპანია, რომელმაც შეიძლება ითქვას მთელი მსოფლიო მოიცვა. თქვენ იცით, რომ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციები ჩვენ გვაქვს და ამის თაობაზე საზოგადოებამ შეიტყო, გავრცელდა ცნობები, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი აქტიურად ეწევიან ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის კამპანიას. თქვენ კარგად იცით, რომ თვეების წინ, გამჟღავნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამერიკაში კონკრეტულად მრავალმილიონიანი კონტრაქტი იქნა გაფორმებული სააკაშვილის ოჯახის მიერ, ერთადერთი მიზნის მისაღწევად, რომ რაიმენაირად, ეს სამარცხვინო, ამორალური ბრალდებები, ცილისწამება გაევრცელებინათ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სახელმწიფოს წინააღმდეგ - მე ხაზს ვუსვამ. როცა ადამიანს აბრალებენ და ქვეყანას აბრალებენ ისეთი რამის ჩადენას, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა, ეს არის პირდაპირ მტრობა ჩვენი ქვეყნის. მაგრამ მთავარი, რაც მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა, მათ შორის პატიმარ სააკაშვილს, ეპყრობა საუკეთესო ევროპული სტანდარტების მიხედვით.

ყოველგვარი ბრალდება, ცილისწამება იმასთან დაკავშირებით რომ თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა, კლავენ, აწამებენ, ა.შ - არის სრული სიცრუე. იცით რომ პატიმარი სააკაშვილი 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, 2 ათასზე მეტი შეხვედრა ჰქონდა მას გამართული. წელიწადზე მეტია უკვე იმყოფება კერძო კლინიკაში და არა ციხეში და აღარ მინდა უბრალოდ სპეკულაციები გავაგრძელო, ჩვენი ხალხი ხედავს სიმართლეს. ჩვენმა საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან კარგად გაიგო, მე მქონია საუბარი არაერთ ჩვენს ევროპელ მეგობართან, მათ კარგად იციან რა ხდება, რეალობა სად არის და რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, კიდევ ვიმეორებ, იყო ის მთავარი მარწმუნებელი, დამამტკიცებელი, ჩვენი სიმართლის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები