26 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
არაექსპერტული გადმოსახედიდან მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ის ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა - ირაკლი კობახიძე

პოლონელი ექიმების მიერ, პალატიდან, ფარულად, ფეხსაცმლის მეშვეობით მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გამოტანასთან დაკავშირებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ის ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა.

მისი თქმით, ვიღაცას ალტერნატიული ნიმუშების გამოყენება მანიპულაციისთვის და გაყალბებისთვის უნდოდა.

"მგონი, ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. არ ვიცი, ექსპერტებს შეგიძლიათ ჰკითხოთ, მაგრამ არაექსპერტული გადმოსახედიდან მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება, გამოიყენო ის ნიმუშები, რომლებიც ფარულად წამოიღო ერთ-ერთმა ექიმმა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა მოვისმინოთ განმარტებები, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო ექიმების ჩამოსვლა საქართველოში. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარდგენა, რა და რატომ მოხდა. ამას სერიოზული მოკვლევა სჭირდება. აშკარად ვხედავთ, რომ იყო მანიპულაციის მცდელობა. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, უბრალოდ არ ვიცი. კითხვა უნდა დაისვას და პასუხი გაეცეს. ვნახოთ, როგორი იქნება მათი პასუხი.

მათ გამოიტანეს ნიმუშები ჩვეულებრივი გზით, ნიმუშები სათანადოდ იყო აღებული. არაფერში სჭირდებოდათ დამატებითი ნიმუშები, გარდა ერთი თეორიული ვერსიისა. ეს არის ის, რომ ვიღაცას სჭირდებოდა მანიპულაცია, გაყალბება. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. არ ვიცი, შეიძლება, რომელიმე ექსპერტმა შემოგთავაზოთ ალტერნატიული ახსნა. ჩემთვის ამას ვერ ექნება ვერავითარი სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ ვიღაცას უნდოდა მანიპულაციისთვის, გაყალბებისთვის ამ ალტერნატიული ნიმუშების გამოყენება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები