26 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
თეა წულუკიანი - ადამიანები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ, არავინ შეგვეცვალა სასამართლო სისტემაში, დღეს მიიჩნევენ, რომ სასამართლო ხელისუფლება არ არის წელგამართული, ეს მძიმე მოსასმენია

მივიჩნევ, რომ ქართული სასამართლო დღეს არის უფრო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური, ვიდრე ოდესმე ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე.

"ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ის ხალხი, ის ჯგუფი, ის ადამიანები, ვინც მე და ჩემი გუნდის სხვა წევრებს 2012-2013 და მომდევნო წლებში გვიკიჟინებდნენ, რომ არავინ არ შეცვალოთ სასამართლო სისტემაში, არ განახორციელოთ რეფორმა და ასე შემდეგ, დღეს მიიჩნევენ, რომ სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არ არის წელგამართული. ამჯერადაც ჩვენ ვართ სხვადასხვა პოზიციაზე, როგორც ვიყავით მაშინ. მიმაჩნია, რომ იმ რეფორმების წყალობით, რომელმაც ოთხი ტალღა გაიარა, პლუს მივიღეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, ასევე უამრავი საპროცედურო ნორმა შეიცვალა, რამაც ადვოკატი და პროკურორი რეალურად თანასწორუფლებიან მხარედ აქცია სასამართლო დარბაზში და პროცესები გახდა გამჭვირვალე. მივიჩნევ, რომ ქართული სასამართლო დღეს არის უფრო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და უფრო კომპეტენტური, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლებაზე ზრუნვას, რეფორმებისა თუ ადმინისტრაციული პრაქტიკების გაუმჯობესების კუთხით, ვაგრძელებთ, მაგრამ, დაე, ნურავის ეწყინება, არავის ხელწამოსაკრავი არ არის დღეს ქართველი მოსამართლე. ამიტომ პატივი ვცეთ ქართველ მოსამართლეს, კეთილი ვინებოთ, ნუ შეურაცხვყოფთ ქართველი მოსამართლის შეურაცხყოფით ქართველ ხალხს, რადგან ხალხი შეიძლება, არის ჩუმად, მაგრამ შეურაცხყოფას ისმენს და იმახსოვრებს. ჩვენ კი ვართ პარტნიორები, ამიტომ პარტნიორებს შორის უნდა მოვიქცეთ პარტნიორულად," – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები