26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
გილოცავთ ყველას საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს, რომელიც ეკუთვნის ყველა ფრანგს, ასევე საქართველოდან დაწყებული საფრანგეთის ყველა მეგობარს - ირაკლი ღარიბაშვილი

საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაული ეკუთვნის ყველა ფრანგს, ასევე საქართველოდან დაწყებული საფრანგეთის ყველა მეგობარს, 14 ივლისი საფრანგეთის თავისუფლებას, თანასწორობას და ერთიანობას აღნიშნავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  ბასტილიის აღება მთავარი მოვლენაა, როგორც საფრანგეთისთვის, ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის. პარიზის მოქალაქეების ამ აჯანყებას – თვითნებობის, დესპოტიზმისა და უსამართლობის წინააღმდეგ სიმბოლური ადგილი უჭირავს თანამედროვე ისტორიაში, ესაა დამფუძნებლური აქტი ყველა ერისთვის, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიას და კანონის უზენაესობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო და ხანგრძლივ პარტნიორობას.

„საქართველო ძალიან ამაყობს საფრანგეთის რესპუბლიკასთან სანდო, მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობით. როგორც ელჩმა აღნიშნა, საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ და ამ ეროვნული დღესასწაულის დროს, კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით.

ჩემი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ ძალისხმევას, რომელსაც საფრანგეთი მიმართავს დაძაბულობის განმუხტვისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ჩვენს რეგიონში.

ჩვენ ვიზიარებთ ბევრ მიზანს, კერძოდ, უფრო მშვიდობიანი, სუვერენული და პროგრესული ევროპის აშენებას. ჩვენ ასევე გვაქვს საერთო ამბიცია, შევქმნათ საერთაშორისო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, თანამშრომლობასა და საერთო ღირებულებებზე, რომლის სათავეში არის ადამიანის უფლებები; საფრანგეთის რევოლუციის კიდევ ერთი მიღწევა, რომელიც 234 წლის წინ-14 ივლისს დაიწყო“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებით მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთნდობაზე დამყარებული პარტნიორობა ეფუძნება საერთო ევროპული ღირებულებების პატივისცემას, ასევე პრივილეგირებულ კავშირებს, რომლებიც ისტორიულად არსებობდა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის.

„აღიარება და მადლიერება – ეს ის ღირებულებებია, რომლებიც განსაკუთრებით ფესვგადგმულია ქართულ კულტურაში. ისინი ძალითა და ბრწყინვალებით გამორჩეულები არიან, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რომელიც საზრდოობს ხანგრძლივი საერთო ისტორიით, კერძოდ, 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის შემდეგ, მისი საფრანგეთის მიერ არისტიდ ბრიანის აღიარებით, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის დახვედრით ულამაზეს ქალაქ ლევილ სურ-ორჟში, სადაც ჩვენი სახელოვანი წინაპრები – საფრანგეთის მხარდაჭერით – 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოს იმედს. გენერალ დე გოლის ჟესტი, რომელმაც ეროვნული საგანძური დაუბრუნა თავის მფლობელს-ქართველ ერს, ჩვენს მეხსიერებაში რჩება და ამ ყველაფერს დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიმართ მადლიერებაში.

ამ ძველი და მჭიდრო მეგობრული კავშირებით გაძლიერებულმა ჩვენმა ორმა ქვეყანამ წამოიწყო ამბიციური ერთობლივი პროექტები. ამგვარად, Domaine de Leuville ხდება ახალი საერთო მოგონებების და კულტურის ადგილი. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ლევილის ისტორიულ-კულტურული ცენტრი იყოს ჩვენს ორ ქვეყანას შორის კულტურული და სამეცნიერო კავშირების განმტკიცების სამსახურში”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა  „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მრავალგანზომილებიან ურთიერთობებში.

„2019 წლიდან ჩვენი თანამშრომლობა გაძლიერდა „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგით“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა საფრანგეთსა და საქართველოს შორის მრავალგანზომილებიან ურთიერთობებში.

მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ 16-17 ოქტომბერს, ამ სტრატეგიული დიალოგის წყალობით, პარიზში აღვნიშნავთ საფრანგეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის დაარსების 30 წლის იუბილეს. უკვე 30 წელია! მაგრამ რა გრძელი გზა გავიარეთ სულ რაღაც სამ მოკლე ათწლეულში! ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და გულმოდგინედ თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ურთიერთსასარგებლო შედეგი მოგვიტანა სხვადასხვა სფეროში.

ეკონომიკიდან დაწყებული: ბოლო წლებში საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები უფრო და უფრო ფართოვდება და აქტიურდება. უამრავი სავაჭრო გზის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს შეუძლია ევროპისთვის ბევრი რამის მოტანა, საფრანგეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის სიცოცხლისუნარიანობაზე დაყრდნობით. თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად განახლდება და მდიდრდება: ამრიგად, საქართველო იქნება წელს საპატიო სტუმარი მეცხოველეობის სამიტზე, რომელიც, იმედი მაქვს, მოიტანს ახალ ერთობლივ პროექტებს.

ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო და მივესალმო წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო დონორს, „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობის წყალობით.

ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას განათლებისა და კვლევის სფეროებში, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი იმპულსი, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც თბილისში 2019 წელს შეიქმნა, წარმოადგენს ყველაზე პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ დამაკავშირებელ ხიდს.

თბილისში ახლახან გაიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ფრანგული ენის სწავლების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში.

და ბოლოს, მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩინებულ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიულ სფეროში, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საყრდენია. ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში ფრანკო-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდაჭერა ღირებულ წვლილს წარმოადგენს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ფრანგ ხალხს მადლობა გადაუხადა იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს.

„ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს.

საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, რომელიც ეკუთვნის ყველა ფრანგს, ასევე საქართველოდან დაწყებული საფრანგეთის ყველა მეგობარს! ნება მომეცით აქ დავამტკიცოთ საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება და გადაწყვეტილება განაგრძოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა საფრანგეთთან, იმ ყველაფრის საფუძველზე, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ.

გაუმარჯოს საფრანგეთს! გაუმარჯოს საქართველოს!“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით  მიმართა  საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, შერაზ გასრიმ.

ღონისძიებაზე საფრანგეთის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

დღის ამბები