26 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
პოლონელი ექიმები სააკაშვილთან - "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ მედიკოსებს ექს-პრეზიდენტის მკურნალობის პროტოკოლი მოეწონათ

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პოლონელ ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლი და პრინციპი მოეწონათ. ზურაბ ჩხაიძის თქმით, თითქმის 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ უცხოელმა მედიკოსებმა რეკომენდაცია მხოლოდ 1 კვლევაზე გასცეს, თუმცა, მისივე ინფორმაციით, ამ ანალიზის ჩატარება ყოფილ პრეზიდენტს ქართველმა ექიმებმა ბევრად უფრო ადრე ურჩიეს, თავად პაციენტმა კი თავის დროზე უარი განაცხადა.

პოლონელი ექიმების ვიზიტისგან კონკრეტულ შედეგს ელოდება გიული ალასანია, რომელმაც შვილი კლინიკაში დღესაც მოინახულა. მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ პოლონეთი ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით დაინტერესებულია და ეს ინტერესი ექს-პრეზიდენტისთვის იმედის მომცემია. 

რა ინტერესი აქვს პოლონეთს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით? - საკუთარი ვერსია აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, რომლის წევრებიც ფიქრობენ, რომ პოლონეთი ყოფილი პრეზიდენტის საკითხს შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. უმრავლესობამ დღეს, სააკაშვილსა და გარდაცვლილ პრეზიდენტ კაჩინსკის შორის მეგობრობაც გაიხსენა, რაც მათი თქმით, შესაძლებელია, ექიმების საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილიყო. პარლამენტის წევრების განმარტებით, მედიკოსები პოლონეთიდან თავად სააკაშვილის ოჯახმა მოიწვია და ამ პროცესში, ევროკავშირი ჩართული არ იყო.

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში კონკრეტულად არ ამბობენ, მოიწვია თუ არა პოლონელი ექიმები თავად ყოფილი პრეზიდენტის ოჯახმა. "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ მხოლოდ ერთს, რომ მედიკოსთა ვიზიტი მნიშვნელოვანია და საკითხის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციები უნდა დასრულდეს.

სახელისუფლებო გუნდი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ პოლონელ ექიმებს საქართველოში ჩამოსვლის მოწვევა სააკაშვილის ოჯახმა თავად გაუგზავნა. "ქართულ ოცნებაში" დღეს იმ მიზეზებსაც ასახელებდნენ, რის გამოც პოლონეთი ამ საკითხით დაინტერესებულია. 

უცნობია როდის, ან საერთოდ გასაჯაროვდება თუ არა მათ მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა. 

პარალელურად, სპეციალური პენიტენციური სამსახურ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ პოლონელ ექიმს სააკაშვილის პალატიდან ყოფილი პრეზიდენტის ბიოლოგიური ნიმუში ფარულად სპორტული ფეხსაცმლის საშუალებით გამოჰქონდა.  იუსტიციის უწყება პოლონელი ექიმის ფარულ ოპერაციას ახსნას ვერ უძებნის, მით უფრო რომ უცხოელ მედიკოსებს სამინისტროსგან ჰქონდათ სრული უფლება ყველა ბიოლოგიური ნიმუში, რომელიც მათ პატიმარ სააკაშვილისგან აიღეს, 501-ე პალატიდან ოფიციალურად გაეტანათ.

იუსტიციის მინისტრი ილია დარჩიაშვილს მიმართავს, რომ საქართველოში პოლონეთის ელჩი ახსნა-განმარტებებისთვის დაიბაროს. 

დღის ამბები