26 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ხორვატიასა და თურქეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ასცდა - უჩვეულო სიცხეს ექსპერტები გლობალურ დათბობას უკავშირებენ

ევროპა ანომალიურ სიცხეს ებრძვის - ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ხორვატიასა და თურქეთში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ასცდა. ძლიერ სიცხეს იტალიელმა სინოპტიკოსებმა უკვე უწოდეს ცერბერი, ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში არსებული სამთავიანი ძაღლის საპატივცემულოდ, რომელიც მკვდრების სამეფოს შესასვლელს დარაჯობდა. ანომალიურმა სიცხემ იტალიაში უკვე შეიწირა ერთი ადამიანის სიცოცხლე, რამდენიმე ტურისტი კი, რომლებმაც გრძნობა დაკარგეს, კლინიკებშია გადაყვანილი.

ჰაერის ტემპერატურამ 45 გრადუს მიაღწია ესპანეთშიც, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საგანგებო რეჟიმში უწევთ მუშაობა. სინოპტიკოსებს ანომალიური სიცხის გამომწვევი მიზეზების ახსნა უჭირთ, მით უფრო როდესაც ქვეყანაში დილის 4 საათზეც კი ტემპერატურის საზომმა 37 გრადუსი დააფიქსირა.

სიცხესთან გამკლავებას ცდილობენ მექსიკაშიც, 51 გრადუსიანი ტემპერატურის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ქუჩებში სასმელი წყლის დარიგება დაიწყო. მხოლოდ გასულ წელს ანომალიური სიცხის გამო მხოლოდ ევროპაში, ბარსელონის ინსტიტუტის მონაცემებით 61 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან ყველაზე მეტი - 18 ათასი იტალიაში.

იტალიის 10 ქალაქში წითელი დონის განგაშია გამოცხადებული. მედიკოსები მოსახლეობას სახლში დარჩენისა და დღეში 2 ლიტრი სითხის მიღებისკენ მოუწოდებენ. სინოპტიკოსები კი ტემპერატურის 48 გრადუს ცელსიუსამდე ზრდას პროგნოზირებენ.

აკროპოლისის ხედების დათვალიერება სახიფათო გახდა საბერძნეთში. მაღალი ტემპერატურის გამო, ტურისტების თავშეყრის ადგილებზე სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ტურისტები აკროპოლისის მოსანახულებლად ჩვეულებრივზე ბევრად ადრე მიდიან, რადგან დღის განმავლობაში ქუჩაში გასვლა შეუძლებელი გახდა.

ძლიერ სიცხეს ებრძვიან ესპანეთშიც, სადაც 45 გრადუსი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის უმეტეს რეგიონში, მაღალი ტემპერატურა ღამის განმავლობაშიც შენარჩუნდა. ანდალუზიის რეგიონალურმა მთავრობამ სიცხისგან დაზარალებული ადამიანებისთვის ცხელი ხაზი გაააქტიურა. სერვისის გააქტიურებიდან დღემდე კი უკვე 54 ათას ზარს უპასუხეს.

43 გრადუსია შეერთებულ შტატებში. სინოპტიკოსები არიზონაში ტემპერატურის 48 გრადუსამდე მატებას ვარაუდობენ. მოსახლოებას აქაც სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

უჩვეულო სიცხეს ესქპერტთა ნაწილი გლობალურ დათბობას უკავშირებს. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, კლიმატის დათბობის შედეგად გამოწვეული ექსტრემალური ამინდი "ახალ ნორმად იქცევა".

გასულ წელს ძლიერ სიცხეს მხოლოდ ევროპაში 61 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა.

ავტორი: თიკო ცერცვაძე

დღის ამბები