26 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
13 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 

13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებული მამა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ბათუმის სასამართლომ 38 წლის მამაკაცს რომელსაც უმძიმესი ბრალი აქვს წაყენებული, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმის განხილვა მედიისთვის დაიხურა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილება არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღო. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. 

სხდომის დახურვის მიუხედავად, მძიმე დანაშაულში ბრალდებულმა მშობელმა დუმილი არც ამჯერად, მოსამართლის თანდასწრებით დაარღვია. 13 წლის შვილზე სექსუალურ ძალადობაში მხილებული მამაკაცი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ინტერესების დამცველი კი მედიასთან ცდილობს დაამტკიცოს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია.

შვილზე სავარაუდო მოძალადე მამას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაითვალისწინა და დაკავებული საპატიმროში გაუშვა. სასამართლო განხილვების დაწყების პარალელურად, სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.

დაზარალებულ გოგოს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. სავარაუდოდ სწორედ სამედიცინო დასკვნა გახდება საქმის მთავარი მტკიცებულება, რითიც გამოძიება სასამართლოში დაკავებულის ბრალეულობის დამტკიცებას შეეცდება. დანაშაულის შესახებ მოზარდმა თავდაპირველად თანაკლასელს უამბო, რომელმაც შემდგომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა. გოგონას დედა ცალკე ცხოვრობს და ის შვილს იშვიათად ნახულობს. ბავშვს ძირითადად ბებია ზრდიდა, თუმცა მას შვილიშვილის არ სჯერა და ბრალდებულ შვილს ამართლებს. სწორედ ამიტომ, მოზარდი სოციალურმა სამსახურმა ოჯახისგან მოშორებით მათთვის უცნობ მისამართზე, თავშესაფარში გადაიყვანა. მასთან ფსიქოლოგი მუშაობს.

დაკავებულისთვის ეს პირველი ბრალი არ არის. 33 წლის მამაკაცს მსჯავრი სამ სხვადასხვა საქმეზე უკვე მოხდილი აქვს. შვილთან სექსუალური ძალადობის დამტკიცების შემთხვევაში, მამას შესაძლოა მთელი ცხოვრების გატარება ციხეში მოუწიოს.

 

დღის ამბები