26 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
იმოქმედებს თუ არა სალომე ზურაბიშვილზე 44 ევროპარლამენტარის და რადას დეპუტატების მიმართვა - რა განცხადებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

44 ევროპარლამენტარის წერილის ადრესატი საქართველოში 3 უმაღლესი თანამდებობის პირია. პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს ევროპელი დეპუტატები მოუწოდებენ ხელი შეუწყონ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროკავშირის წევრს სახელმწიფოში გადაყვანას. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მესამე ქვეყენაში გაგზავნის აუცილებლობას ევროპარლამენტარები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით ხსნიან.

ევროპელი კოლეგების ნაწილის პოზიციას მმართველი პარტიის თავმჯდომარე კონკრეტულ მიზანს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლარიზაციის გაღრმავება, ქაოსი და მეორე ფრონტის გახსნის სურვილია ის, რასაც ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი ცდილობს.

დავით არახამიაა იმ მიმართვის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც დღეს უკრაინის რადამ დაამტკიცა. უკრაინელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილისგან მსჯავრდებული სააკშვილის შეწყალებას ითხოვენ. მიმართვას მხარი 285-მა კანონმდებელმა დაუჭირა. შეწყალების გარდა, დოკუმენტის მიხედვით რადა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს მიმართავს, უზრუნველყოს რადას ადამიანის უფლებათა კომისრის სააკაშვილთან დაშვება.

"არა და არასოდეს” სწორედ ასე პასუხობდა ზურაბიშვილი მსჯავრდებულის შეწყალებაზე დასმულ კითხვებს. იმოქმედებს თუ არა პრეზიდენტზე ევროპარლამენტარებისა და რადას დეპუტატების მოთხოვნა ჯერ უცნობია. პროგნოზის გაკეთება "ნაციონალურ მოძრაობაშიც" უჭირთ.

44 ევროპარლამენტარის და უკრაინის რადას მიმართვას სხვა ოპოზიციური ძალებისთვის მხოლოდ ჰუმანიტარულ დატვირთვა აქვს. პარტიებში მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებს მმართველი პარტია როგორც ევროპარლამენტის, ასევე უმაღლესი რადას დეპუტატებს. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა უფლება დაცულია და პარტნიორებმა სტრასბურგის და ქართული მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ.

მმართველი პარტია ევროპარლამენტარებისგან მეტ ობიექტურობას ითხოვს. თავად მიხეილ სააკაშვილი ევრო დეპუტატების ნაწილის ერთობლივი წერილის შინაარსით კმაყოფილია და სოლიდარობისთვის მადლობას სოციალური ქსელით უხდის.

დღის ამბები