26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
გაიმეორა თუ არა ნატომ ვილნიუსში ბუქარესტის სამიტის დროს დაშვებული შეცდომა - როგორია ბაიდენის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც ვილნიუსიდან ფინეთში გაემგზავრა, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომელმაც უკრაინას ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ვადები არ მისცა. ბაიდენმა ამ თემაზე ჰელსინკიში ჟურნალისტებთან ისაუბრა. მანამდე კი, აეროპორტში თქვა, რომ ზელენსკის კარგად ესმის, ნატოში ყოფნა-არყოფნა არარელევანტურია, ვიდრე უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

ზელენსკის თავდაპირველი მწვავე კრიტიკის შემდეგ, მისი ადმინისტრაციის ტონი დიპლომატიური და მოზომილი იყო. უკრაინელები ამბობენ, რომ ვილნიუსში ბუქარესტის სამიტისგან განსხვავებული შედეგი დადგა. თუმცა მაინც ვერ მალავენ, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაციის მიღება სურდათ.

ამერიკის ანალიტიკურ წრეებში კი, სადაც ასეთი მოზომილი განცხადებების ვალდებულება არ აქვთ, ღიად ამბობენ, რომ ეს იმედგაცრუებაა. ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი და პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი კრის სკალუბა, პირდაპირ აკეთებენ შედარებას ნატოს ბუქარესტის სამიტთან, რომელზეც უკრაინამ და საქართველომ, მაპის ნაცვლად, გაწევრიანების შესახებ ბუნდოვანი დაპირება მიიღეს. თუმცა, ზოგიერთი სპეციალისტი, ბაიდენის და მერკელი-ოლანდის ერთ კონტექსტში ხსენებას სწორად არ მიიჩნევს, რადგან კონკრეტული ვადა რომ დაეწესებინა ამერიკის პრეზიდენტს, ეს მოტივაციას მისცემდა რუსეთს, ომი ამ ვადაში ყველა გზით გაეგრძელებინა და ნატოს გაფართოება ჩაეშალა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, არაერთ პოლიტიკოსს ვილნიუსის სამიტზე მეტი მოლოდინი ჰქონდა. მათ შორის იყო ლიეტუვის სეიმის წევრი პავილიონისი, რომელიც ამბობდა, რომ "ბუქარესტში დაშვებული შეცდომები" ერთიანად უნდა გამოსწორებულიყო. ალიანსის შეხვედრამ მოლაპარაკების მაგიდაზე უფრო მეტად სიღრმისეული გამოწვევები დადო. თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას მაინც ჰქონდა იმედი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე, დღეს თუნდაც ოდნავ მეტი სიცხადე იქნებოდა, ვიდრე ეს 15 წლის წინანდელ სამიტზე იყო.

დღის ამბები