26 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
7 საათი მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში - როგორია პოლონელი ექიმების დასკვნა

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის თქმით, პოლონელმა ექიმებმა დადებითად შეაფასეს ის მკურნალობა, რომელსაც სამედიცინო დაწესებულება უკვე წელიწადზე მეტია მიხეილ სააკაშვილს უტარებს. ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, უცხოელმა ექიმებმა მხოლოდ რამდენიმე კვლევის რეკომენდაცია გასცეს. მისივე თქმით, ეს ანალიზები თავის დროზე პაციენტს თავად "ვივამედის" კლინიკამაც ურჩია, თუმცა, მაშინ მიხეილ სააკაშვილმა კვლევებზე უარი განაცხადა.

კლინიკური დირექტორისგან განსხვავებით, ყოფილი პრეზიდენტის დედა კვლავ შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. გიული ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილი თავს ისევ ცუდად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ დედამ შვილთან დღეს თითქმის 1 საათზე მეტი გაატარა, გიული ალასანიასთვის მაინც უცნობია კონკრეტულად რა უთხრეს პოლონელმა ექიმებმა მსჯავრდებულ სააკაშვილს.

მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობენ "ნაციონალურ მოძრაობაშიც", რომლის თავმჯდომარე დღეს ევროკავშირის ელჩსაც შეხვდა. დღესვე, პარტიაში ითქვა ისიც, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მის საპატიმროში გადაყვანის შესაძლებლობას არ იძლევა.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის პალატაში უცხოელი ექიმების დაშვების პრობლემა არასოდეს ყოფილა და ეს, პოლონელი მედიკოსების ვიზიტმაც დაადასტურა. "ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ სააკაშვილი სასჯელისგან თავი არიდების მიზნით, ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებს.

5 პოლონელი ექიმი მიხეილ სააკაშვილთან გუშინ შევიდა, ისინი პაციენტსა და "ვივამედის" კლინიკის მედპერსონალს თითქმის 7 საათი ხვდებოდნენ. სამედიცინო დაწესებულების დატოვების შემდეგ უცხოელმა ექიმებმა მედიასთან საუბარი არ ისურვეს. უცნობია როდის ან საერთოდ გასაჯაროვდება თუ არა მათ მიერ მომზადებული სამედიცინო დასკვნა.

დღის ამბები