26 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
თეიმურაზ კუპატაძე: მიზანი რაც იყო, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე საქართველოში შტატების ელჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კელი დეგნანმა "პრაიდის ფესტივალთან" დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა. დიპლომატის თქმით, ის დაარწმუნეს, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები მომიტინგეებს პოლიციის პერიმეტრის გარღვევის უფლებას არ მისცემდნენ და მომიტინგეები უსაფრთხო დისტანციას დაიცავდნენ კონცერტზე დამსწრე ხალხისგან, თუმცა, ელჩის განცხადებით, "არცერთი არ მომხდარა".

თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ ღონისძიებასთან დაკავშირებით 3 ათასამდე პოლიციელი იყო მობილიზებული და ღონისძიებაზე არავინ დაშავებულა.

"8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, და არაერთხელ გაკეთდა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება, მობილიზებული იყო შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფი, 3 ათასამდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ასევე, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. მაქსიმალურად ვეცადეთ ჩვენ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები, კონტრაქციის წარმომადგენლები, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და რადგან ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო, ეს ადამიანები ცდილობდნენ კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ ლოკაციამდე, სადაც ღონისძიება ტარდებოდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რადგან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველესი და უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეების და ორგანიზატორებს ევაკუაცია, გავიყვანეთ ისინი, რომ არ მომხდარიყო დაპირისპირება და არ დაზიანებულიყო. საბედნიეროდ, ჩვენი უშალო და მთავარი მიზანი რაც იყო, ეს იყო დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაშავებულა," - განაცხადა კუპატაძემ.

დღის ამბები