26 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"ვივამედში" ევროკავშირის სამედიცინო მისია იმყოფება - 5 პოლონელი ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდი, მიხეილ სააკაშვილს კვლევებს უტარებს

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, უკვე 3 საათზე მეტია კლინიკა "ვივამედში" ევროკავშირის სამედიცინო მისია იმყოფება. 5 პოლონელი ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდი, მიხეილ სააკაშვილს კვლევებს უტარებს.

მედიკოსებმა, კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.

ოჯახის განცხადებით, ისინი ჯერჯერობით ვერც კვლევის დეტალებზე ვერ ისაუბრებენ და არც მის შედეგებს არ გაასაჯაროებენ. კლინიკა ”ვივამედში” უცხოელი ექიმების ვიზიტის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ მოინახულა.

მისი ინფორმაციით, პოლონელმა ექიმებმა პატიმრის გასინჯვის პარალელურად, ინფორმაცია კლინიკის მედპერსონალისგანაც მიიღეს.

"ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ექიმები შესულები არიან და უნდა ვენდოთ პროფესიონალების დასკვნას. მე რომ შევედი, ისინი უკვე გამოსულები იყვნენ და ექიმებთან ჰქონდათ შეხვედრა. მე შემიშვეს მხოლოდ იმიტომ, რომ საჭმელი მიმეწოდებინა. მხოლოდ იმის კითხვა მოვასწარი როგორ იყო და გაირკვა, რომ ის ექიმები ისევ დასაბრუნებლები არიან და მომიწია გამოსვლა", - განაცხადა გიული ალასანიამ.

სამედიცინო ცენტრ ”ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ის საკვებს ირებს და წონაშიც მატულობს. მისი თქმით, გაუგებარია რა მისიით არიან ჩამოსულები უცხოელი ექიმები და მიზანი აქვთ მათ.

"გაცილებით უკეთ არის, ფაქტია, რომ მოიმატა კაცმა. როდესაც ჭამს და საკვებს ნორმალურად იღებს, მატულობს და რის კარგად. როდესაც კარგად იქნება გადავიყვანთ აბა რას ვიზამთ. რადგან ჯერ კიდევ კლინიკაშია, ესე იგი ამის საჭიროება ჯერ კიდევ არის. ჩვენ ისინი არც მოგვიწვევია, უფრო მეტსაც გეტყვით, რატომ არიან აქ ისიც ვერ გავიგე, რა მისიით არიან", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც. მალხაზ ურთმელიძის ინფორმაციით, პატიმარი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ის საკვებს იღებს და წონაშიც მატულობს.

 
დღის ამბები