26 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
რაჭა, თუშეთი, იმერეთი, ყაზბეგი, სვანეთი და გურია "მთის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება

სამ დღეში მთის მოყვარულებისთვის დაუვიწყარი თავგადასავალი იწყება. რაჭა, თუშეთი, იმერეთი, ყაზბეგი, სვანეთი და გურია - ფესტივალ "მთის დღეების" მასპინძლობისთვის ემზადება. მთის ხალხის ყოველდღიური ცხოვრება და ადათ - წესები, განსაკუთრებული სტუმარ - მასპინძლობა, უძველესი სამზარეულო და მთის საინტერესო მითები, მთელი დღის განმავლობაში კი მუსიკა, რომელიც სტუმრების განწყობაზე იზრუნებს. მუსიკალური მრავალფეროვნება იქნება რაჭაში. კოცონის გარშემო საფესტივალო დღეს გელა დონაძე და კვარტეტი დაასრულებს.

"მთის დღეებს" წელს პირველად მასპინძლობს იმერეთი. გორდში, თითქმის ყველა ჟანრის მუსიკა აჟღერდება. ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ქართულ ფოლკლორს ანსამბლი ჩვენებურები ერთ საათიანი კონცერტით გააცნობენ.

ანსამბლ ჩვენებურების შემდეგ, სცენას თიკა ბალანჩინი და ჯგუფი ნიუ ვანი დაიკავებენ. "მთის დღეებზე" თიკა ბალანჩინი პირველად იმღერებს.

"მთის დღეებს" წელს მთელი საქართველოს მასშტაბით, ექვსი მაღალმთიანი რეგიონი უმასპინძლებს. თითოეული საფესტივალო ლოკაცია დატვირთული იქნება მრავალფეროვანი ღონისძიებებით. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, გამოფენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები. მოეწყობა ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები. სტუმრები რეწვის და ქსოვის გაკვეთილებსაც დაესწრებიან. ფესტივალზე სტუმრები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას.

"მთის დღეები" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მეორედ იმართება. ზუსტად ერთი წლის წინ, ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორები ფესტივალს ოთხ ლოკაციაზე სტუმრობდნენ. დიდი დაინტერესების და გამოხმაურების გამო, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია. ფესტივალი, 15 ივლისს - რაჭა, იმერეთსა და თუშეთში, ხოლო 22 ივლისს - ყაზბეგში, ბახმაროსა და სვანეთში ჩატარდება.

დღის ამბები