26 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
გახდება თუ არა გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - როგორია პოლიტიკური სპექტრის შეფასებები

გიორგი ვაშაძის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების საკითხი, ჯერ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის სურვილად რჩება. მოხდება თუ არა ხაბეიშვილის პარტიაში, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის პოლიტიკური აღდგომა, ოპოზიციაში კონსულტაციების დასრულების შემდეგ გაირკვევა. ვაშაძის გუნდში ამბობენ, რომ ახლა პარტიისთვის უპირველესი ამოცანა საერთო ოპოზიციური ერთობის ახალი კონფიგურაციის შექმნაა.

ყოფილი თანაგუნდელის მიმართ კეთილგანწყობას არ მალავს ნაციონალური მოძრაობა, სადაც ვაშაძეს ირიბადაც მოუწოდებენ, რომ პარტიის შეთავაზებას დათანხმდეს. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება და ხაბეიშვილს ის ჯერ პარტიაში არ მიუწვევია, თუმცა, როგორც ამბობენ, ახალი მენეჯმენტის ახალ პარტიულ გეგმაზე ჯერჯერობით არც პოლიტსაბჭოს და არც სამდივნოს ფორმატში უმსჯელიათ.

როგორ მოხდება ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია 2024 წლის არჩევნებისთვის, თავად ოპოზიციამაც არ იცის. „გირჩს“, “ლელოს“, ალეკო ელისაშვილის ""მოქალაქეებსა""და გიორგი გახარიას პარტიას მთავარი მიუღებლობა ხაბეიშვილის და მის გუნდის მიმართ აქვთ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ძველი ლიდერის პრემიერობის კანდიდატად წარდგენის საკითხი კი დამატებითი ფაქტორია იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდას ზურგი აქციონ.

ნაციონალური მოძრაობის ვირტუალურ მთავრობაში, ჯერ სააკაშვილის, შემდეგ კი ვაშაძის პრემიერ მინისტრობის კანდიდატობაზე საუბარი მმართველი გუნდისთვის, პარტიაში არსებულ შიდაკონფრონტაციაზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიის გეგმა, ქართული ოცნების ლიდერების შეფასებით, მათ ჯერ აუტსაიდერებში ,გადაიყვანს, შემდეგ კი პოლიტიკური სივრციდან გააქრობს.

სტრატეგია აღმაშენებლის, ნაციონალურ მოძრაობაში ინტეგრაციის საკითხზე გადაწყვეტილება თავად გიორგი ვაშაძემ უნდა მიიღოს. თუმცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც ქვეყანაში ახლა არ იმყოფება, პოლიტიკურ გეგმებზე საუბარი ჯერჯერობით არ სურს.

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები