26 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
თავდაცვის ახალი კოდექსი მეორე მოსმენით მიღებულია - როგორ მიმდინარეობდა 6-დღიანი განხილვა

6-დღიანი განხილვის შემდეგ, "თავდაცვის კოდექსი" მეორე მოსმენით დამტკიცებულია. ისევე როგორც წინა რიგგარეშე სესიაზე, დღესაც, პარტია "გირჩი" სხდომის გახანგრძლივებას მაქსიმალურად შეეცადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი დრო მაქსიმალურად გამოიყენეს.

"გირჩის" დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ კოლეგების დარწმუნებას, რომ კოდექსი დისკრიმინაციული და ანტისახელმწიფოებრივია. ოპოზიციამ პოლიტიკურ ბრალდებებზე პასუხები თავად თავდაცვის მინისტრის მოადგილისგანაც მიიღო.

განხილვის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას კი დეპუტატებმა ვრცლად ისაუბრეს, რატომ უჭერდნენ ან არ უჭერდნენ მხარს თავდაცვის კოდექსს. წამოიჭრა კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერების საკითხიც.

"გირჩი" იყო ის ოპოზიციური ძალა, რომელმაც სიტყვით გამოსვლის შემდეგ დარბაზი დატოვა. ოპოზიციის ნაწილმა კი, ტრიბუნა ძირითადად შიდა და საგარეო პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოიყენა. მთავარი აქცენტი ისევ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთდა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ "გირჩის" მსგავსად, პასუხს არც ოპოზიციის დარჩენილი ნაწილი დაელოდა, თუმცა, მმართველი გუნდის წევრებმა მათ მაინც უპასუხეს. "ქართულმა ოცნებამ" ოპონენტებს 2008 წლის ომი და შემდგომ განვითარებული პროცესები შეახსენა.

კოდექსის მნიშვნელობასა და ოპოზიციის აქტიურობაზე განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით ისაუბრა. შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, მსგავსი ყურადღება ყველა კანონთან დაკავშირებით გამოიჩინონ.

დღევანდელი რიგგარეშე სხდომა საქართველოს ჰიმნით დასრულდა. "თავდაცვის კოდექსს" დეპუტატები მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე დაამტკიცებენ.

დღის ამბები