მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, უკვე 3 საათზე მეტია კლინიკა "ვივამედში" ევროკავშირის სამედიცინო მისია იმყოფება. 5 პოლონელი ექიმით დაკომპლექტებული სამედიცინო გუნდი, მიხეილ სააკაშვილს კვლევებს ჩაუტარებს. მედიკოსებმა კლინიკაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
ოჯახის განცხადებით, ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ისაუბრებენ. მათივე ცნობით, სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.
"კიდევ კარგი, რომ ჩამოვიდნენ და შევიდნენ, მაგრამ ვიცი, რომ ძალიან გართულდა მათთვის ამ ნებართვების მიცემა და რატომ გართულდა? მე დრო და დრო მქონდა ურთიერთობა საელჩოსთან და ისინიც ვერაფერს ვერ ამბობდნენ. ის, რაც ვიცი ლაპარაკიდან და კერძო საუბრებიდან, იმის თქმის უფლებაც არ მაქვს ჯერჯერობით. მემგონი სწორედ ექიმებთან შესახვედრად შევიდნენ ეს ადამიანები და ბოლო წუთამდე არ ჰქონდათ მათ პენიტენციური სისტემიდან ნებართვა," - განაცხადა სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ჩალაძის განცხადებით, სამედიცინო მისია გაგრძელდება მანამ, სანამ ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის სრულად დასანახად მათთვის საკმარის მონაცემებსა და ინფორმაციას არ მიიღებენ.
"სამედიცინო მისია არის დაკომპლექტებული არაერთი პროფილის, უმაღლესი დონის, სპეციფიკური ცოდნის და განათლების მქონე ექიმებით, რომლებსაც ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესასწავლად და შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, აღჭურვილი არიან ისინი.
მისია გაგრძელდება იმდენი ხანი, ვიდრე ექიმები არ მიიღებენ მათთვის საკმარის მონაცემებს და ინფორმაციას ჯანმრთელობის სრულად დასანახად.
სამედიცინო მისიის შედეგები არ იქნება საჯარო, შევინახავთ სამედიცინო მისიის შედეგებს კონფიდენციალურად იმიტომ, რომ ეს არის დიპლომატიის მუშაობა. ჯერ არ ყოფილა ფაქტი, როდესაც დიპლომატიას შედეგი არ გამოუღია," - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.