წყნეთში მომხდარ ტრაგედიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. განცხადება მინისტრის მოადგილემ გააკეთა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.
"ჩვენი თითოეული დანაყოფი აქტიურად მუშაობს და იძიებს თითოეული იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხს, თუ ვინმეს გადაცდომამ, ან დაუდევრობამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. ჩვენ იმ წუთიდანვე დავიწყეთ გამოძიება და გამიჭირდება წინასწარ კონკრეტული პირების ბრალეულობაზე ვისაუბრო, როდესაც არის აქტიური საგამოძიებო პროცესი. შესაბამის ღონისძიებებს ვატარებთ, როგორიც არის შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების გამოკითხვა, საჭირო იქნება გარკვეული ექსპერტიზების ჩატარება და ა.შ.
პოლიცია და საგამოძიებო უწყება გააკეთებს ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს საქმეზე, სადაც გამოიკვეთება კონკრეტული პირების მხრიდან, იქნება ეს დაუდევრობა თუ ა.შ. თუ ეს იყო განზრახ მოქმედება პოლიცია შესაბამის რეაგირებას გააკეთებს," - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ.
წყნეთში, დენის დარტყმის შედეგად არასრულწლოვანი გუშინ გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კალათბურთელის დათუნა ჟღენტის სიცოცხლე კუსტარულად გაყვანილმა ელექტროსადენმა იმსხვერპლა.