26 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
დღეს ვერავინ იტყვის უკრაინასა და საქართველოზე, როდის გახდებიან ნატო-ს წევრები, მეტ-ნაკლები სიზუსტითაც კი შეუძლებელია ნატო-სთვის ამის თქმა, ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი - ირაკლი კობახიძე

საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით რეალურად, ძალაში დარჩა სტატუს კვო, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "თავისუფალი ხედვა" განაცხადა.

"რაოდენობრივად, დოკუმენტში ტექსტი მეტია მოცემული უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ხარისხობრივად, რეალურად, არავითარი განსხვავება არ არის. ანუ, შენარჩუნდა სტატუს კვო, რაც, შეიძლება ასე დავარქვათ, არის რუსეთის მიმართ პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. მით უმეტეს, ამ კომუნიკეში კონკრეტული ჩანაწერებიც არის მოცემული. რუსეთთან დაკავშირებით პირდაპირ წერია, რომ მაგალითად, ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან, რომ პარტნიორული ურთიერთობები ვერ იქნება უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ კონფრონტაციასაც არ ეძებს და ა.შ. ეს არის რეალური მოცემულობა. რაც შეეხება საქართველოს შესახებ ჩანაწერს, ძალაში დარჩა ის დაპირება, რომელიც თავის დროზე ჩაიდო ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში, რომ საქართველო სამომავლოდ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, გაურკვეველია დეტალები, როდის, როგორ და ა.შ და იგივე ეხება უკრაინასაც,"-განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობას უფრო დიდი მოლოდინი ჰქონდა და ქვეყანა უფრო ძლიერ ჩანაწერს ელოდებოდა, რაზეც ღიად იყო საუბარი, თუმცა სამწუხარო რეალობა ეს არის, რომ კვლავაც ბუნდოვანია პერსპექტივა, რომელიც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ელოდებოდა თუ არა უფრო მეტს სამიტისგან „ქართული ოცნება“, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებითად იმის გაფართოება, რაც ბუქარესტის სამიტის კომუნიკეში ეწერა, მოსალოდნელი არ იყო და საბოლოო ჯამში, მოცემული ტექსტი არსებულ მოლოდინს შეესაბამება.

„სხვანაირად, წარმოუდგენელიც იყო. დღეს ვერავინ იტყვის უკრაინაზე და საქართველოზე, როდის გახდება ერთი, ან მეორე ქვეყანა ნატო-ს წევრი. ანუ, მეტ-ნაკლები სიზუსტითაც კი შეუძლებელია ნატო-სთვის ამის თქმა. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და მათ ღიად გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჟურნალისტები ეკითხებიან, ეშინია თუ არა ხელისუფლებას ომის, რაც აბსურდია, რადგან მაშინ, როდესაც ომის ნატო-საც ეშინია, საქართველოს შიში აბსოლუტურად ბუნებრივია.

"გეგონება, ომის რომ გეშინია, ეს ცუდი რამეა. გვეშინია პირველ რიგში იმის გამო, რომ მოსახლეობა არ ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს უკრაინის მოსახლეობაა. ეს შიში აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ამის რაღაც კნინობითი ფორმით წარმოჩენას ცდილობენ. ეს შიში გამოხატულია დღეს ნატო-ს კომუნიკეში. ნატო-ს ეშინია და საქართველოს რომ ეშინოდეს, ეს ხომ აბსოლუტურად ბუნებრივია? ნატო-ს ეშინია რუსეთის თქო, მე ცუდად არ მითქვამს. რა თქმა უნდა, სიფრთხილეზეა საუბარი, რაც ბუნებრივია, პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს. შეიძლება, შიშიც დაარქვა, ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ ჩვენც კი არ გვეშინია, ასე წარმოაჩენენ, თორემ სინამდვილეში, ეს არის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე სიფრთხილე, რასაც ჩვენ ვიჩენთ. უბრალოდ, ამის უფლებას არ გვაძლევენ. ახლა რა განსხვავებაა – ნატო-ს ეშინია ბირთვული ომის, ჩვენ გვეშინია უბრალოდ ომის. იმიტომ, რომ რაც გაანადგურებს სამყაროს, იგივე გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას. ანუ, თუ ბირთვული ომი გაანადგურებს სამყაროს, რუსეთთან ჩვეულებრივი ომი გაანადგურებს საქართველოს,"-განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ასეთ მძიმე ვითარებაში, რაც რეგიონშია შექმნილი, საქართველოს ყველა კეთილმოსურნე უნდა ზრუნავდეს, ქვეყანაში მაქსიმალური სიმშვიდე იყოს, მაგრამ არიან ძალები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოში სიმშვიდე არ იყოს, პოლარიზაცია გაღვივდეს და ა.შ.

"რა თქმა უნდა, ეს არის ადგილობრივი ოპოზიცია, ვისაც კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" ვეძახით. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები პირდაპირ მოგვიწოდებდნენ არა მარტო კონფრონტაციისკენ, არამედ პირდაპირ მეორე ფრონტზე ჰქონდათ საუბარი. სამწუხაროდ, ასევე არის არა ერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებს გამწვავებისკენ და რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, რაც არის იმ მასშტაბის კონფრონტაცია, რომლის ფუფუნებაც საქართველოს არ აქვს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები