ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბურ სტიქიას ებრძვიან. გაგრისა და ბიჭვინთის შემდეგ, დაიტბორა სოხუმის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონები. სოხუმში სტიქიის შედეგებს მალევე გაუმკლავდნენ, რასაც ვერ ვიტყვით გაგრასა და ბიჭვინთაზე, სადაც ამ დრომდე, წყლის ქვეშაა მოქცეული ქუჩები და ასობით სახლი. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი რუსი ტურისტების დამშვიდებას ცდილობს, მაგრამ ალტერნატივას ვერ სთავაზობს. რუსები აფხაზეთიდან გარბიან.
იმის გამო რომ ე.წ. მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნიათ, საკურორტო ქალაქების ქუჩები ამ დრომდე გაუწმენდავია მეწყრისგან. აფხაზეთის დიდი ნაწილი სტიქიის გამო უკვე რამდენიმე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივებს და მათ რუსს სტუმრებს სასმელი წყლის და პროდუქტების პრობლემაც აქვთ, ამიტომ დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ტურისტებს ნაკლები პურის მოხმარებას ურჩევს.