26 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
საქართველო ნატოსკენ მიმავალ გზაზე - ვილნიუსში მიმდინარე სამიტი და პოლიტიკური განცხადებები სესიაზე

ხელისუფლების ოპონენტებმა ალიანსში გაწევრიანების გზაზე, "ქართულ ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯები დაიწუნეს და დღეს, პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილი დრო სწორედ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის კრიტიკას დაუთმეს. სალომე სამადაშვილმა საქართველოსთვის ბარიერად უკრაინასთან ბოლოდროინდელი ურთიერთობები დაასახელა. "ლელოს" წევრის პრეტენზიების პასუხად, მმართველ გუნდში თქვეს, რომ საქართველო უკრაინის მიმართ მხარდაჭერას განაგრძობს, რეფორმების ნაწილში კი ლიდერია.

ოპოზიციამ დღეს ისიც თქვა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას არ ელოდება და იქვე რამდენჯერმე აღინიშნა, რომ საქართველო უკრაინას პროგრესის კუთხით ბევრად ჩამორჩება. ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობისთვის იმის დასტური აღმოჩნდა, რომ ოპონენტებს ქვეყანაში მხოლოდ დესტაბილიზაცია და დაძაბულობის შემოტანა სურთ.

ნატოს სამიტის კონტექსტში დღეს დეპუტატების მხრიდან შეფასების საგანი შალვა პაპუაშვილის გუშინდელი წერილიც გახდა. თეონა აქუბარდიამ პარლამენტის თავმჯდომარე დეზინფორმაციის გავრცელებასა და ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკაში დაადანაშაულა.

დარბაზში გაკეთებული განცხადებები სხდომიდან გამოსულმა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ შეაჯამა. ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინასა და საქართველოს მიმართ ნატო-ს განსხვავებული მიდგომა გასაგებია, რადგან უკრაინა დღეს ომის მდგომარეობაშია.

პოლიტიკური გამოსვლები დღეს, სულ რაღაც 30 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

დღის ამბები