ვილნიუსის სამიტის ისტორიული სტატუსი, გუშინ, გვიან ღამით სამმხრივი შეხვედრის შედეგმა განაპირობა. იენს სტოლტენბერგის მოდერატორობით, თურქეთმა და შვედეთმა შეთანხმებას მიაღწია. ანკარა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას აღარ დაბლოკავს, სანაცვლოდ კი მიიღებს დახმარებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და ვიზალიბერალიზების მოდერნიზებაში.
შვედეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ შეთანხმებას ყველა მხარე შეასრულებს და ნატოს წევრი სახელმწიფოების რაოდენობა უახლოეს მომავალში 32-მდე გაიზრდება.
ვილნიუსის სამიტზე, მსოფლიო ლიდერებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მსოფლიო უსაფრთხოებას კი დღეს ყველაზე დიდ პრობლემას რუსეთი უქმნის. ამიტომ, ალიანსის წევრები, ნატოს გაფართოებას და შვედეთთან ერთად, ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანებასაც უჭერენ მხარს, თუმცა ომის დასრულების შემდეგ.
ნატოს წევრებმა კარგად იციან, რომ ომის პერიოდში უკრაინა ალიანსის ოჯახში ვერ შევა. ამიტომ დასავლელი ლიდერები ყურადღებას და ძალისხმევას უკრაინის სამხედრო დახმარების მხარდაჭერასა და რუსეთის დასუსტებაზე ამახვილებენ.
იქამდე, ვიდრე კომუნიკეში ჩაიწერება უკრაინის სტატუსი, ომში მყოფ ქვეყანას აქვს ზეპირი შეთანხმება, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ვილნიუსში კონკრეტული შედეგების მოსასმენად ჩავიდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. თუმცა როგორც ირკვევა ზელენსკი უკმაყოფილოა და მადლობის ნაცვლად ვილნიუსში პარტნიორებს აკრიტიკებს.
ალიანსის წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ლიეტუვას დედაქალაქში იმყოფება ქართული დელეგაციაც საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით. ილია დარჩიაშვილი ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქვეყანას სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. ასევე ხაზი გაესვა ვილნიუსის ნატოს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვას მხარდაჭერას.