26 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი - შეერთებულ შტატებში 56 მილიონი ადამიანი სტიქიის გამო რისკის ზონაში იმყოფება

წყალდიდობა, ღვარცოფი და მეწყერი - ამერიკის შეერთებული შტატები შტორმის შედეგებს ებრძვის. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ნიუ-იორკის, პენსილვანიის, ნიუ-ჯერსის, კონექტიკუტის შტატებში. ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულები. 

წყალდიდობამ დატბორა სახლები, გაიტაცა მანქანები, ჩაკეტა ძირითადი გზების ნაწილი. სტიქიის ზონაში საცხოვრებელი სახლების ნაწილი წყალმა თითქმის დაფარა, ადგილობრივების ევაკუაცია ნავებით ხორციელდება.

56 მილიონი ადამიანი სტიქიის გამო რისკის ზონაში იმყოფება. მხოლოდ ნიუ-იორკის შტატში 13 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გადაიდო ასობით ავიარეისი. ზარალის ოდენობა მასშტაბურია, ვარაუდობენ, რომ თანხა ათობით მილიონ დოლარს აღწევს.

რთული საათები ელის სხვა შტატებსაც, შტორმს მასაჩუსეტშიც ელოდებიან. მოსახლეობა გააფრთხილეს ჯორჯიის შტატშიც. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივებს მოუწოდებენ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადავიდნენ და მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შეერთებული შტატების გარდა წყალდიდობას ებრძვიან ინდოეთშიც. სტიქიის შედეგად ინდოეთის დედაქალაქში 22 ადამიანი დაიღუპა.

წყალდიდობას მოგვიანებით მეწყერიც მოჰყვა. კოკისპირულმა წვიმამ განსაკუთრებული ზიანი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში გამოიწვია. მაშველებმა 80-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სტიქიის ზონაში პარალიზებულია სატრანსპორტო გადაადგილება. დედაქალაქში დაიხურა სკოლები. 

 

 

დღის ამბები