ჩალაუბანში 81 წლის კაცმა მეუღლე სასიკვდილოდ გაიმეტა. "კურიერის" ინფორმაციით, აკაკი ღვინიაშვილმა, ლალი ღვინიაშვილს სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილი, ძლიერი სისხლდენის შედეგად, ექიმების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
მოხუცი პოლიციამ დანაშაულის ადგილზე დააკავა. სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ მეზობლებმა შეატყობინეს.
ერთ-ერთი ადგილობრივი "კურიერთან" იხსენებს, რომ ლალი ღვინიაშვილმა მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მაღაზიაში პროდუქტი შეიძინა და სახლში დაბრუნდა. რამდენიმე წუთში კი, ჩალაუბნის ცენტრში გასროლის ხმა გაიგეს. გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი ღვინიაშვილი 70 წლის მეუღლეს ეზოში უკვე შეიარაღებული ელოდებოდა.
მეზობლები, რომლებიც ღვინიაშვილებს კარგად იცნობდნენ, ყვებიან, რომ ცოლ-ქმარს უთანხმოება ხშირად მოსდიოდათ. ადგილობრივების თქმით, 81 წლის მამაკაცს პერიოდულად ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს შემთხვევის ადგილას გვიანობამდე ატარებდნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.