26 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
ონკოლოგიური დიაგნოზის ბავშვებს უცხოეთის კლინიკებში უმკურნალებენ - რომელ ქვეყნებთან აფორმებს ხელშეკრულებას საქართველო

თურქეთი, ისრაელი, ესპანეთი - მთავრობა ონკოლოგიური დიაგნოზის ყველა ბავშვს ამ სამი ქვეყნის წამყვან კლინიკებში მკურნალობას დაუფინანსებს.

ონკოპაციენტი ბავშვების დაფინანსების საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მაღალტექნოლოგიური კლინიკები. ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები თვის ბოლომდე გაფორმდება.

ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია. გადაწყვეტილება იმ დრომდე იქნება ძალაში, ვიდრე მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი, ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრი, საქართველოში გაიხსნება. მანამდე კი ბავშვის თანმხლები პირის საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებს, ძირითად შემთხვევაში "სოლიდარობის ფონდი" დაფარავს.

სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რომ ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც საუბრობს. გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ოპოზიციაც.

ბავშვთა ასაკის ონკოლოგიური პრობლემების გადაჭრის და მათი საზღვარგარეთ მკურნალობის სრულად დაფინანსების ინიციატივა, პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ახალ პროექტზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა. საკითხი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო აღმასრულებელი ხელისუფლების დღევანდელ სხდომაზეც.

დღის ამბები