26 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
მსოფლიო ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია - რას შესთავაზებს სამხედრო პოლიტიკური ალიანსი უკრაინას და რას იტყვის თურქეთი შვედეთზე

ვილნიუსში ნატოს სამიტი, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, რადგან სწორედ ამ სამიტზე უნდა გაირკვეს, თუ რას პასუხობენ ალიანსის წევრები უკრაინის მოთხოვნას. ნატოში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი ოფიციალურმა კიევმა გასულ წელს გააკეთა. უკრაინა აცნობიერებს, რომ ომის პირობებში ქვეყანა ვერ გახდება ალიანსის წევრი, თუმცა სურს მიიღოს მყარი გარანტიები. პოლიტიკური მიწვევა ალიანსში გაწევრიანებაზე და უსაფრთხოების გარანტიები - სწორედ ამას ითხოვს კიევი ნატოსგან. ამ ფონზე საყურადღებო აღმოჩნდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნატოელმა მოკავშირეებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და ალიანსში მისაღებად უკრაინას აღარ დასჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა(MAP). 

სამოქმედო გეგმის გარეშე, უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მდივანმაც დაადასტურა. თუმცა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ნატოს ყველა წევრმა ერთხმად უნდა მიიღოს. სამიტამდე ერთი დღით ადრე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ლიეტუვას პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ უკრაინამ მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი უნდა მიიღოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელზეც ნატომ უნდა უპასუხოს, შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ეხება. თურქეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას ამ დრომდე ბლოკავს, თუმცა ერდოღანი ერთი პირობის სანაცვლოდ მზად არის გადაწყვეტილება შეცვალოს.

ნატოს გენერალური მდივანი მხარს უჭერს თურქეთის ამბიციას და იქვე იმასაც ამბობს, რომ შვედეთის ნატოში ყოფნა შეცვლის ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ისტორიასა და გეოგრაფიას.

თურქეთის პრეზიდენტი უკვე ვილნიუსშია, ლიეტუვას დედაქალაქში ჩავიდა შვედეთის დელეგაციაც. მედიის ცნობით, სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვოლოდიმირ ზელენსკი. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსად, სამიტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოც. საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს.

სახელმწიფო მეთაურების დონეზე ალიანსის წევრი ქვეყნები 2023 წლის სამიტზე ვილნიუსში, 11-12 ივლისს შეიკრიბებიან.

 

დღის ამბები