26 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
საქართველოს პერსპექტივა NATO-ში - სამიტამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე ღია წერილს აქვეყნებს

ნატოს ვილნიუსის სამიტამდე ერთი დღით ადრე, პარლამენტის თავმჯდომარე იმ არგუმენტებზე საუბრობს, რომელიც შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში ალიანსს საქართველოს წევრობაზე უარის სანაცვლოდ მოჰყავდა.

შალვა პაპუაშვილმა მედიის შეკითხვებზე პასუხამდე ღია წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ოთხ მიმართულებაზე - ნდობასა და ერთგულებაზე, დემოკრატიაზე, თავდაცვისუნარიანობასა და რეგიონულ სტაბილურობაზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. წარსულ ეჭვებზე პასუხის გაცემით, მთავრობის ძალისხმევით, ან ისტორიული გეოპოლიტიკური ცვლილებების წყალობით კი, შალვა პაპუაშვილის თქმით, აღარ დარჩა წინააღმდეგობის რეალური საფუძველი და სურვილის შემთხვევაში საქართველოსთან წევრობაზე საუბარი "მაპის" გარეშეც შესაძლებელია.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ ძალას ურჩევენ, ფოკუსი მთავარ საკითხებზე გაასწოროს. დემოკრატიული რეფორმების მხრივ არსებული პრობლემები და არასაკმარისი პოლიტიკური ნების არსებობა - ამ გამოწვევებს ასახელებენ ოპოზიციაში დაბრკოლებად ნატოსკენ მიმავალ გზაზე.

ვილნიუსიდან გზავნილების მიღებამდე, შალვა პაპუაშვილმა ღია წერილში სკეპტიკოსებსაც მიმართა და განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პოზიციის ცვლილება იმით აიხსნება, რომ ისინი საქართველოში ოპოზიციის პოლიტიკური პარტნიორები არიან. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ”საქართველოს ნატო-ში წევრობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა იდგეს”-ისტორიულ გზაჯვარედინზე კი მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო ნატო-სგან საქართველოს განცალკევებას შეცდომას უწოდებს.

"საქართველო სტრატეგიულ მზად ყოფნაშია გაწევრიანებისთვის" - ასე პასუხობენ "ქართული ოცნებიდან" როგორც ოპონენტებს, ასევე პარტნიორებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. სახელისუფლებო გუნდის წევრების შეფასებით, კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანამ როგორც პოლიტიკურ ასევე ნატოსთან თავსებადობის მხრივ გადადგა ალიანსთან შესაბამისობაშია და ახლა ჯერი ნატოზეა.

რა გზავნილებს და პოლიტიკურ მხარდაჭერას მიიღებს საქართველო ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიდან - ეს ცნობილი სამიტის დასრულების შემდეგ გახდება.

 

 

დღის ამბები