26 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
სასამართლომ "ვაკის პარკის“ საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ვაკის პარკში“ მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული 9 პირიდან მხოლოდ ერთი, ვალერი გობეჯიშვილი გაამართლა, დანარჩენ 8 პირს კი პატიმრობა შეუფარდა.

საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა მიიღო.

თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ: "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს 6 - წლით, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილის 3- წლით, დევი კახოიძეს 3- წლით, ნუგზარ ქიტიაშვილს 3.6 წლით, დავით თუშიშვილი 3.6 - წლით, გიორგი გობეჯიშვილს 4- წლით, ლაშა ჭიღიტაშვილს 3- წლით და ბექა მურღვლიანს 3 წლით, ვალერი გობეჯიშვილი კი გამართლდა.

ადვოკატ კახა წერეთლის განცხადებით, გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მისი თქმით, ისინი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.

"გამოკვლეული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ეს განაჩენი მოსალოდნელი ნამდვილად არ იყო. არ გამოკვლეულა და არ დადგენილა არცერთი გარემოება, რომელიც მიხედვითაც, ვახტანგაშვილს ევალებოდა დამატებით რაღაც ექსპერტიზების ჩატარება. ჩვენ, დასკვნით სიტყვაში წარმოვადგინეთ ყველა ის ექსპერტიზა, რომელიც წარმოდგენილი იყო, წარმოვადგინეთ 38 მიღება-ჩაბარების აქტი და ამის მეტი მას რაიმე ვალდებულება არ ჰქონდა. შემდგომი ნაბიჯი, რასაც გავაკეთებთ, ეს იქნება სამართლებრივი ძალაუფლებისავე გამოყენება და ბრძოლის გაგრძელება, პირველი ნაბიჯი იქნება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება", - განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

პროკურორის თქმით, სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა და 9-დან 8 პირი ბრალდებულად ცნო, ერთი კი გაამართლა. პროკურორის განმარტებით, განაჩენის დასაბუთებული მხარის მიღების შემდეგ, გადაწყვეტენ გაასაჩივრონ თუ არა იმ ერთი პირის მიმართ დამდგარი გამამართლებელი განაჩენი.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ, ძირითად და უმთავრეს ნაწილში გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებული 9 პირიდან 8 პირი დამნაშავედ ცნო. მათ შორის, "გრინსერვის+"-ის დირექტორის მიმართ წარდგენილი ბრალდებები სრულად გაიზიარა , ასევე სრულად გაიზიარა მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილის მიმართ წარდგენილი ბრალდება. რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენს ერთი პირის მიმართ, როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული პირი იყო შემდუღებელი ხელოსანი, თავის ძმასთან ერთად მონაწილეობდა შედუღების სამუშაოებში, მისი როლი ძმასთან შედარებით ნაკლები იყო ამ სამუშაოებთან მიმართებაში, შესაბამისად სასამართლომ ჩათვალა, რომ მისი ბრალეულობა არ დასტურდებოდა. თუმცა, როდესაც ბრალდების მხარე მიიღებს განაჩენის დასაბუთებულ მხარეს, გაეცნობა ამ ნაწილს და შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ ნაწილში განაჩენის გასაჩივრების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიაზე საქმის წარმოება 2 ეპიზოდად გაიყო. მეორე ეპიზოდებზე განხილვა არ დასრულებულა.

დღის ამბები