26 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
"გაგვიკეთეთ სტადიონი საქაშეთს, დომინო გვაქვს მხოლოდ ბავშვებს" - რას დაჰპირდა ადგილობრივი ხელისუფლება ახალგაზრდებს, რომლებიც ფეხბურთის სტადიონს ითხოვენ

"გაგვიკეთეთ სტადიონი საქაშეთს, დომინო გვაქვს მხოლოდ ბავშვებს" - ამ წარწერით ფოტო სოციალურ ქსელში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში მცხოვრებმა ბავშვებმა გამოაქვეყნეს. ახალგაზრდები ფეხბურთის სტადიონს ითხოვენ და ამბობენ, რომ გასართობად მხოლოდ დომინო აქვთ.

ფოტოს ინტერნეტ სივრცეში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი, ვინც საქაშეთში მცხოვრებ ბავშვებს გამოეხმაურნენ, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ. ფეხბურთის სტადიონს ვერ, თუმცა სოფლის ახალგაზრდებს ჩოგბურთის მაგიდას დაჰპირდნენ.

საქაშეთი დიდი სოფელი არ არის, თუმცა აქ ბევრი ბავშვი ცხოვრობს. ისინი მუდმივად კომპიუტერული თამაშებით და მობილური ტელეფონებით არ ერთობიან. ვირტუალურ სამყაროში ურთიერთობას, მეგობრებთან ერთად სოფლის ცენტრში ყოფნას ამჯობინებენ. როგორც გორის მუნიციპალიტეტში ამბობენ, მათი მიზანია, ყველა სოფელში ბავშვები იყვნენ ბედნიერები და მოტივირებულები. პრობლემები არსებობს, თუმცა არსებობს მისი მოგვარების გეგმაც, რომელიც ეტაპობრივად, პრიორიტეტების მიხედვით ნაწილდება. ბავშვებს ჰპირდებიან, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად, პირველ ეტაპზე საფეხბურთო მოედანი გაკეთდება.

სპორტული აქტივობებისთვის შესაბამისი პირობები არ აქვთ. საფეხბურთო მოედნის ფუნქციას ძველი, დაჟანგული რკინა და ბალახის ბუნებრივი საფარი ასრულებს, საღამოობით ამ ტერიტორიაზე გარე განათების გარეშე დარჩენილებს სათამაშოდ გადასვლა სხვა სოფელში უწევთ.

ჯერ სასმელი წყლის სისტემა, შემდეგ გარე განათება და გზის პრობლემა მოგვარდა. პირველი საბავშვო ბაღის მშენებლობა ევროპული სტანდარტების დაცვით ცოტა ხნის წინ დასრულდა და ის მალე აღსაზრდელებს სრულად დააკმაყოფილებს.

კულტურული ინფრასტრუქტურის კეთილმოსაწყობად პირველ ეტაპზე საფეხბურთო მოედანი გაკეთდება. სოფელს მალე ჩოგბურთის ფედერაცია საჩუქრად ჩოგბურთის მაგიდას გადასცემს. მანამდე კი საქაშეთში ბავშვური თავგადასავლები ჩვეული ტემპით, გამოგონილი თამაშებით და უჩვეულო ზეიმით გაგრძელდება.

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები