სიცოცხლისთვის საშიში ხორცი ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში. იმერეთის რეგიონში ტრიქინელოზის კლინიკურად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტი, რომელიც ახლა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს, იხსენებს, რომ ფარში ქუთაისის ცენტრალურ ბაზარში შეიძინა, თუმცა ზუსტ ადგილს ვერ აკონკრეტებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქვეყანაში ტრიქინელოზის შემთხვევა დადასტურდა. პარაზიტით დაავადებული ხორცის გაყიდვის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც. ერთ-ერთი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაა. ორი ოჯახის ოთხი წევრი იქ ნაყიდი ღორის ხორცისგან დაავადდა. ობიექტი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა.
ტრიქინელოზით დაავადებულ პაციენტს თბილისში, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტშიც მკურნალობენ. ამ შემთხვევაში, ავადმყოფობის კონკრეტული წყარო დაუდგენელია. ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანებში უეცარ ციებ-ცხელებას, სახის შეშუპებას, კუნთებისა და თავის ტკივილს იწვევს.
გასულ წელს, ტრიქინელოზის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. წელს კი, მწვავე დაავადება უკვე ცხრა ადამიანში გამოვლინდა. ტრიქინელოზი ზოგჯერ იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ პაციენტი ფატალურ, სასიკვდილო შედეგამდეც მიჰყავს.