26 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებული ობიექტები, ომის დანაშაულები - უკრაინა ომის დაწყებიდან მე-500 დღეს ითვლის

10 500 გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე, ომის 94,000 დანაშაული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებული 115 000 ობიექტი - ეს ის ადამიანური და მატერიალური ზარალია, რომელსაც უკრაინა ომის დაწყებიდან მე-500 დღეს ითვლის. ომის მე-500 დღეს კუნძული ზმეინი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია.

მძიმე იყო გასული ღამეც, საჰაერო განგაში ისმოდა უკრაინის თითქმის მთელს ტერიტორიაზე. ფრონტის ცხელ წერტილებად კი კუპიანსკი, ლიმანი, ბახმუტი, ავდიივკა და მარინკა რჩება. 

დანაკარგების მიუხედავად, უკრაინელ სამხედროებს მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიღწევები აქვთ ბახმუტის მიმართულებით, საბოლოო წარმატების მისაღწევად კი საბრძოლო მასალის მიწოდებაზე საუბარი კვლავ აქტიურ ფაზაშია.

ფრონტის ხაზის პარალელურად, უკრაინა ბრძოლას საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობის მოსაპოვებლადაც განაგრძობს. ჯო ბაიდენი, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინის მხარდამჭერია აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრობისთვის ჯერ მზად არ არის. ამ განცხადების ფონზე კი უკრაინის უსაფრთხოებისათვის, 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაწევას აანონსებს. შეერთებული შტატები ომში მყოფი ქვეყნისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდებასაც აპირებს. მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის საბრძოლო მასალის ექსპორტს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა კრძალავს. პრეზიდენტი ბაიდენის თქმით, ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გაძლიერებას ემსახურება.

საპირისპიროს ფიქრობენ ნატოს წევრი ქვეყნები და ხელს აწერენ დეკლარაციას, რომელიც შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში უკრაინის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერენ. ვილნიუსის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტი ზელენსკი სამუშაო ვიზიტით ნატო-ს წევრ თურქეთში იმყოფებოდა, სადაც, აგვისტოში, ვლადიმერ პუტინსაც ელოდებიან.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ სტამბოლის დატოვებიდან რამდენიმე საათში, თურქეთიდან სამშობლოში ტყვეობიდან გათავისუფლებული 5 უკრაინელი სამხედროც დაბრუნდა. მეთაურები, რომლებიც აზოვსტალს იცავდნენ, თურქეთში 2022 წლის სექტემბრიდან იმყოფებოდნენ.

ავტორი: ნია პატაშური 

დღის ამბები