საზარელი მკვლელობა ბორჯომში და სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც ფიზიკურში გადაიზარდა. 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 17 წლის არასრულწლოვანმა სასიკვდილოდ დაჭრა.
მომხდარს წინ უძღოდა სიტყვიერი კამათი, რომელიც პარკის შიდა ტერიტორიაზე, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. პირველი კონფლიქტის დროს, ახალგაზრდები ერთმანეთს პოლიციამ განარიდა. თუმცა რამდენიმე საათში, გამთენიისას, ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. სიტყვიერი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა.
დამნაშავე ცხელ კვალზე აიყვანეს. დაჭრილი დავით ხაჩიძე კი, უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, 23 წლის ახალგაზრდას დანით 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ის კლინიკაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი ნაცნობ ახალგაზრდებს შორის მხრის გაკვრის გამო დაიწყო. ცნობილია, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, არასრულწლოვანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. შემზარავი დანაშაული მან ქუჩის სათვალთვალო კამერების წინ ჩაიდინა. ჩანაწერებს გამოძიება სწავლობს. დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ადვოკატი უკვე შეხვდა. ბრალდებული დუმილის უფლებას ირჩევს.
ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. 17 წლის დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: მაია იველაშვილი.