ვაჟა-ფშაველას ძეგლთან "პრაიდის" მოწინააღმდეგე "ალტ ინფოს" აქტივისტებმა შეკრება დღის 12 საათზე დაიწყეს ხატებით, დროშებით და ბანერებით. რამდენჯერმე გაჟღერდა მათი გეგმა, ისმოდა ძალადობრივი მოწოდებებიც. ჰომოფობიურმა ჯგუფმა, იქამდე, სანამ ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძვრებოდა, საკუთარი ჰიმნიც კი გააჟღერა. ვაჟა-ფშაველაზე უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებული იყო პოლიციაც.
შეკრებიდან მალევე, "ალტ ინფოს" აქტივისტებმა მსვლელობა ლისის ტბისკენ დაიწყეს, სწორედ ამ ტერიტორიაზე გეგმავდა "თბილისი პრაიდი" ფესტივალის ჩატარებას.
"ალტ-ინფოს" აქტივისტების მისვლამდ, ლისის ტბასთან პრაიდის მოწინააღმდეგე მეორე ჯგუფი იყო შეკრებილი. "საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრებმაც ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრება დღის 12 საათზე დაიწყეს, აქაც მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები.
ლისის ტბასთნ ვითარება, "ალტ ინფოს" გამოჩენისთანავე დაიძაბა. მოხდა პირველი შეხლა-შემოხლა პოლიციასთანაც. დაპირისპირებებს თან მოჰყვა დაკავებები.
აგრესიული ჯგუფები სამართალდამცველთა ჯაჭვის გარღვევას ცდილობდნენ, ჰქონდათ სხვა მცდელობაც, მეორე მხრიდან შეეღწიათ ფესტივალის ტერიტორიაზე. პოლიციამ ეს ქმედებები რამდენჯერმე აღკვეთა. ადგილზე მობილიზებულმა პატრულმა არაერთ პირი დააკავა.
შეხლა-შემოხლისას აქციის მონაწილეები აგრესიულები ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც იყვნენ. მოძალადე ჯგუფებისგან მედიასაც პოლიცია იცავდა.
პრაიდის მოწინაღმდეგებმა პოლიციელთა კორდონის გარკვევა დღის ორი საათისთვის შეძლეს. ამ დროს სამართალდამცველებს "თბილისი პრაიდის" წევრები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე უსაფრთხოდ ყავდათ გაყვანილი.
"ლისი ვანდერლენდი" - ადგილი, სადაც ლგბტ თემს ფესტივალი უნდა ჩაეტარებინა, აგრესიულმა ჯგუფებმა დაიკავეს. ღონისძიების ჩაშლა კი მუსიკითა და ზეიმით აღნიშნეს.
ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა იმ აღჭურვილობის განადგურება დაიწყეს, რომელიც ფესტივალის გასამართად ორგანიზატორებს სჭირდებოდათ. დაწვეს ლგბტქ დროშა და გაანადგურეს დეკორაციები.
"თბილისი პრაიდის" ჩაშლიდან რამდენიმე წუთში, განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც. ალექსანდრე დარახველიძემ ის მიზეზი განმარტა, რის გამოც აგრესიული ჯგუფების შეკავება სამართალდამცველებისთვის გართულდა.
შეხლა–შემოხლებისა და დაპირისპირებების მიუხედავად, დღეს არავინ დაშავებულა.