ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანკოფონიისა და კულტურათა შორისი დიალოგის ორდენი "პლეადა" საქართველოს ვიცე-პრემიერს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილსა და ღვაწლმოსილ პროფესორს, მზაღო დოხტურიშვილს გადასცა.
დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. 6 ივლისს ორდენი "პლეადა" გადაეცათ საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
ეს არის საერთაშორისო მასშტაბის ჯილდო, რომლის მიზანია აღნიშნოს იმ პიროვნებათა დამსახურება, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ფრანკოფონიის იდეალების სამსახურში.
"განსაკუთრებით დიდი პატივია, რომ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ ჯილდოებით გამოარჩია ჩვენი წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ მინისტრი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, პარლამენტის წევრი და ჩვენი პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის თავმჯდომარე ფრანკოფონიის ასამბლეაში ბატონი დავით სონღულაშვილი. ასევე, განსაკუთრებულად გაგვიხარდა, რომ ფრანკოფონიის ასამბლეამ გამოარჩია ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილი," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი წინ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს.
"ისტორიული სესიისას ჩვენ გავხდით ასოცირებული წევრები ამ ასამბლეის. რაც არის უზარმაზარი ნაბიჯი წინ, იმისათვის რომ ფრანგული ენა და კულტურა და ფრანკოფონია როგორც ღირებულება კიდე უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს ჩვენს ქვეყანაში, ვინაიდან, საქართველოს აქვს ფრანგული ენისა და კულტურის ძალიან დიდი ტრადიცია," - აცხადებს თეა წულუკიანი.
განცხადება გააკეთა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ფრანსის დრუენმა.
"მოხარულები ვართ, რომ დღეს საქართველო მივიღეთ როგორც ასოცირებული წევრი და ყველა ქვეყანა, რომელიც დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობდა, დაეთანხმა საქართველოს კანდიდატურის მიღებას. ორდენი "პლეადა" გადაეცა სხვადასხვა პიროვნებას, რომლებმაც საკუთარი ღვაწლი შეიტანეს ფრანკოფონიაში. ფრანკოფონია არ არის მხოლოდ ფრანგული ენა, არამედ ეს არის ღირებულებები, საპარლამენტო დიპლომატია. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა სწორედ ის ინსტრუმენტია, რომელიც იძლევა ამ დიალოგის განვითარების საშუალებას და მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ცნობილ პიროვნებებს გადავეცით ეს ჯილდო. მათ შორის არის ვიცე-პრემიერი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ფრანკოფონიას და რომელიც ბავშვობიდან სწავლობდა ფრანგულს. ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით ხუთივე პიროვნებას, რომლებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოში ფრანკოფონიის განვითარებაში,” - ამბობს ფრანსის დრუენი.