26 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს - კონტრაქციების წაქეზებით მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს - სალომე ზურაბიშვილი 

ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რა ფასი უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირების სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ამით ის პრაიდის ღონისძიების ჩაშლას და ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, კონტრაქცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის გარკვეული განშტოებების მხრიდან, არამედ მოქმედი დეპუტატებისგანაც წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იყო.

მისივე თქმით, კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარია ძალადობას ახალისებს და მის ყველა შედეგზე პასუხისმგებლობას იღებს.

"დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთი მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მე-17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება.სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული. ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს კონტრაქცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის გარკვეული განშტოებების მხრიდან, არამედ მოქმედი დეპუტატებისგანაც წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იყო.

ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს თანამდებობის პირების, პარლამენტის თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ ადამიანის უფლებებს იცავენ? ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ძალადობას ახალისებს და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.

მინდა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდო, რომ აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედება. ეს მისი მოვალეობაა და ამას სამართლის დაცვა ჰქვია. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, რომ სიძულვილის ენისა და დაპირისპირების წაქეზება შეწყვიტოს. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომლებიც სრულიად გაკონტროლებულია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები