26 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, ბევრმა ქვეყანამ არა თუ შეამცირა, არამედ გაზარდა რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი" - სოსო არჩვაძე

გამოცემა Visual Capitalist-ის სტატიას, რომელმაც 2023 წელს რუსეთიდან წიაღისეული საწვავის იმპორტიორი ქვეყნების სია გამოაქვეყნა, შეფასებები მოჰყვა საქართველოში. 

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა არ იმუშავა და შესაბამისად, აგრესორი ნედლი ნავთობის ექსპორტს მაინც ახორციელებს.

"მსხვილი სახელმწიფოები, როგორიც არის ჩინეთი, ინდოეთი, მთლიანობაში თუ შევხედავთ ევროკავშირსაც და მათ შორის ევროკავშირის ძალიან დიდ სახელმწიფოებსაც, როგორიც არის ბელგია, იტალია, ესპანეთი, ისინი არ წყვეტენ რუსეთთან ურთიერთობას და პირიქით, ჩვენ ვხედავთ რომ გარკვეულ წილად გაზრდილია რუსული ბუნებრივი რესურსების შესყიდვა ამ სახელმწიფოებიდან. რაც ყველაზე მთავარია, არა თუ გაზრდილია შესყიდვა, არამედ თანხობრივ გამოსახულებაში არის საკმაოდ დიდი და მეორე მხრივ, რაც მნიშვნელოვანია, შესყიდვას ეს სახელმწიფოები ახორციელებენ უკვე რუბლებში, რაც მანამდე ხდებოდა ევროში ან დოლარში. ვერ ვიტყვით იმას, რომ რუსეთი ზიანდება ამ ფონზე, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ბუნებრივი რესურსების რეალიზაციით ომის შემდგომ უფრო მეტ შემოსავალს იღებს, ვიდრე ომამდე იღებდა," - აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძე.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, ბევრმა ქვეყანამ გაზარდა რუსეთიდან ენერგო რესურსების იმპორტი.

"მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, ბევრმა ქვეყანამ არა თუ შეამცირა, არამედ გაზარდა რუსეთიდან ენერგო რესურსების იმპორტი. განსაკუთრებთ საუბარი ჩინეთსა და ინდოეთზეა. ამ უკანასკნელმა სულ ცოტა 10-ჯერ გაზარდა ნავთობის იმპორტი,“ - აცხადებს სოსო არჩვაძე.

გამოცემის ცნობით, რუსეთის შემოსავალი საწვავის ექსპორტიდან 2022 წლის მარტში მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბევრი ქვეყანა რუსეთიდან დღეში მილიონობით დოლარის ღირებულების წიაღისეული საწვავის იმპორტს ისევ ახორციელებს.

კვლევების მიხედვით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს ჩინეთი, რომელმაც 2023 წელს რუსეთიდან 30 მილიარდი დოლარის იმპორტი განახორციელა.

 

 

დღის ამბები